ახალი ამბები

გოგაშვილის მიმართ მუქარაზე გამოძიება უნდა დაიწყოს – ომბუდსმენი

12 აგვისტო, 2022 •
გოგაშვილის მიმართ მუქარაზე გამოძიება უნდა დაიწყოს – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, პატიმრობაში მყოფი იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა 11 აგვისტოს განაცხადეს, რომ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გოგაშვილს დაემუქრნენ ოჯახის წევრების დაკავებითა და ფიზიკური განადგურებით.

ადვოკატის განცხადებით, გოგაშვილი ამბობს, რომ ის რამდენჯერმე გაიყვანეს სააბაზანო ოთახში, სადაც მობილური ტელეფონის მეშვეობით არაერთგზის ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელმაც მისი და მისი ოჯახის მიმართ მუქარა განახორციელა.

ამასთან, ადვოკატი უთითებს, რომ ცნობილია სატელეფონო ნომრები, რომლითაც გასაუბრება მოხდა.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული ინფორმაცია პირადად გადაამოწმა #12 დაწესებულებაში მყოფ იოსებ გოგაშვილთან, რომელმაც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და დეტალურად აღწერა განხორციელებული ზარების დრო, გარემოებები და საუბრის შინაარსი“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გადამოწმების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაიწყოს გამოძიება.

„გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს როგორც ხსენებული პირებისა და დაწესებულების პერსონალის გამოკითხვა, ისე – N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება“, – წერს იგი.

ომბუდსმენის თანახმადვე, ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართა.

„დამატებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებას, გამოძიების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს იოსებ გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვა“, – წერია 12 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი აცხადებს: „ჩემი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს“.

გოგაშვილის თქმით, მიიღო მუქარა: „თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის ჩადება და მათი დაჭერა, „ოცნების“ ზონდერ მედიების შემოსევა“…

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი