ახალი ამბები

აფეთქებები ყირიმში მოხდა, მაგრამ ექო მკაფიოდ გაიგეს კრემლში – ლინკევიჩუსი

12 აგვისტო, 2022 • 3757
აფეთქებები ყირიმში მოხდა, მაგრამ ექო მკაფიოდ გაიგეს კრემლში – ლინკევიჩუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი ეხმაურება ყირიმში საკის აეროდრომზე თავდასხმას და ტვიტერზე წერს:

„აფეთქებები ყირიმში მოხდა, მაგრამ ექო მკაფიოდ გაიგეს კრემლში. ამიერიდან რუსი ოკუპანტები უკრაინის ვერც ერთ წერტილში ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ“.

ლინკევიჩუსის თქმით, „რატომღაც, ამჯერად კრემლისგან არ გვესმის ჩვეული რიტორიკა, რომ მათი „ოპერაცია“ ზუსტად მიჰყვება გეგმას“.


9 აგვისტოს, 15:20 საათისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, საკის აეროდრომზე აფეთქებები მოხდა.

პლატფორმა „ბაზის“ მიერ ადგილიდან მალევე გავრცელებულ კადრებში ჩანს მნიშვნელოვნად დაზიანებული ავტომობილები. სატელიტურ ფოტოებში კი განადგურებული თვითმფრინავებიც გამოჩნდა.

10 აგვისტოს, 13:26 საათისთვის, ერთ-ერთ სატელიტურ ფოტოზე, რომელიც პლატფორმა „პლანეტამ“ გამოაქვეყნა, აეროდრომი ასეთ მდგომარეობაში ჩანს:

თავდასხმის შედეგად განადგურდა, სულ მცირე:

  • 3 ერთეული Su-30;
  • 4 ერთეული Su-24;
  • კიდევ ერთი გამანადგურებელი, რომლის გარჩევაც ზუსტად ვერ ხდება და არის ან Su-27 ან Su-30;

რამ გამოიწვია აფეთქება?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აეროდრომზე შენახული ამუნიცია აფეთქდა და ხანძარი ამან გამოიწვია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არ იცის მომხდარი აფეთქებებისა და ხანძრის მიზეზი.

რუსული სამთავრობო არხის, RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა, წყაროების მითითების გარეშე, განაცხადა: „ადგილზე მიაჩნიათ, რომ ეს იყო არა საჰაერო თავდასხმა, არამედ ან დივერსია, ან უპასუხისმგებლობა“.

მოგვიანებით ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი.

„ნიუ-იორკ თაიმზი“ (NYT) უკრაინის მთავრობაში წყაროზე – „სამხედრო მაღალჩინოსანზე“ – დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებების უკან უკრაინული მხარე იდგა.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი