ახალი ამბები

ენმ-მ პროკურატურას მიმართა “FSB-ს ყოფილი ჯაშუშის” საქმის გამოძიების მოთხოვნით

11 აგვისტო, 2022 •
ენმ-მ პროკურატურას მიმართა “FSB-ს ყოფილი ჯაშუშის” საქმის გამოძიების მოთხოვნით

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ პროკურატურას მიმართა ვსევოლოდ ოსიპოვის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ვსევოლოდ ოსიპოვი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება და ამბობს, რომ წარსულში რუსეთის FSB-სთვის მუშაობდა.

ამის შესახებ მან თავდაპირველად ისაუბრა რუსულ ოპოზიციურ მედია „მედუზასთან“, შემდეგ კი- სხვადასხვა, მათ შორის ქართულ მედიასაშუალებებთან.

ოსიპოვი ამბობს, რომ მოსკოვში ლიბერტარიანულ პარტიაში (LPR) ჯაშუშობის შემდეგ, 2021 წლის ოქტომბერში თბილისში გაგზავნეს დავალებით, დაკვირვებოდა რუს დისიდენტებს, რომლებიც თბილისში ჩამოვიდნენ.

მისი თქმით, ერთ-ერთ დემონსტრაციაზე დააკავეს, რის შემდეგაც ხანგრძლივი დაპატიმრებით დაემუქრნენ, გათავისუფლების სანაცვლოდ კი ინფორმატორობა მოსთხოვეს.

ოსიპოვი ამბობს, რომ საქართველოში გამოშვებისას დაავალეს თბილისში მყოფი ორი ოპოზიციონერის, იაროსლავ კონვეისა (LPR) და ანტონ მიხალჩუკის (Free Russia Foundation) თვალთვალი. თუმცა, ოსიპოვის თქმით,  ორივე მათგანი პირადად ნახა და გააფრთხილა.

ბოლოს, 9 აგვისტოს, გამოცემა „ევრიაზიანეტთან“ საუბარში ოსიპოვმა თქვა, რომ საქმიანობაზე მისი საჯარო აღიარების მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან არ დაკავშირებიან და არ გამოუკითხავთ.

11 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ბაჩო დოლიძე პროკურატურაში მივიდა და განცხადება შეიტანა ოსიპოვის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

„იმ ფონზე, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ლეგიტიმური შიში გააჩნიათ უკონტროლო შემოდინებისა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენი ხელისუფლება ფასადურადაც კი არ რეაგირებს აღნიშნულზე. სუსი, რომელიც დასდევს ოცნების პოლიტიკურ ოპონენტებს, არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ თუნდაც იმ ინფორმაციაზე, რაც საჯაროა და მედიაში ვრცელდება, რეაგირება მოახდინონ… საქმე ეხება რუსეთის მოქალაქე ოსიპოვს. იმედი მაქვს, არ გადასცემენ რუსეთს და ის ინფორმაცია, რასაც იგი ფლობს, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის“, – განუცხადა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებს.

როგორც ნეტგაზეთს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ვსევოლოდ ოსიპოვი უწყებაში გამოკითხვაზე ორჯერ, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი