„ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მმართველი გუნდი არ გეგმავს, გადახედოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესს.
ანრი ოხანაშვილის თქმით, თეორიულად ნებისმიერი წესი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ დღეისათვის ეს საკითხი არ განიხილება:
„არსებობს წესი, როდესაც პრეზიდენტი წარადგენს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს ასარჩევად და შემდგომ პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნული წესი ძალაში რჩება და ამ ეტაპზე არ განიხილება, რომ წესი შესაძლოა, მსჯელობის საგანი გახდეს. თეორიულად, ნებისმიერი წესის შეცვლა არის შესაძლებელი. თეორიულად, შესაძლებელია ოდესღაც ვიმსჯელოთ, დღეს ეს საკითხი არ განიხილება”, – ამბობს ანრი ოხანაშვილი.
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მესამედ აღარ წარუდგინა. კანდიდატებს შორის, რომლებიც ზურაბიშვილმა შეარჩია, არიან თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე.
ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიანიშნებდნენ, რომ პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ. ერთ-ერთი იყო პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატებს ცესკოში.
მან განაცხადა, რომ გიორგი კალანდარიშვილმა „უმაღლესი შეფასებით“ „ჩაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“ და „გაურკვეველია, რატომ ხდება ასეთი ადამიანის არდაშვება პარლამენტში წარსადგენად“.
მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტებაც გაავრცელა, თუ რატომ არ წარუდგინა პარლამენტს მესამედ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა. ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ პრეზიდენტმა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ორჯერ უკვე წარუდგინა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად, თუმცა მისმა კანდიდატურამ ვერც ერთხელ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა, შედეგად ორჯერვე მხოლოდ 6 თვის ვადით იქნა არჩეული.
მოვლენების ამგვარი განვითარების ფონზე ოპოზიციაში არ გამორიცხავდნენ, რომ „ქართული ოცნება“ გეგმავდა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას. აღნიშნულ საკითხზე დღეს ბრიფინგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემაც გამართა.
პრესკონფერენციაზე დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურები შარლ მიშელის დოკუმენტის ნაწილია და პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის მიზანი არა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და საარჩევნო რეფორმა, არამედ ოლიგარქიული ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არჩევნების გამოყენებაა.
მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტის მიერ კანდიდატების წარდგენის შემდეგ, მათ კენჭი უნდა უყაროს საქართველოს პარლამენტმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა ხდება პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა (ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3) ვერ მოაგროვა, კენჭისყრა სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩევამდე უნდა გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში არჩეული კანდიდატის უფლებამოსილება 6-თვიანია, რის შემდეგაც კონკურსი ხელახლა ინიშნება.