ახალი ამბები

სერენა უილიამსი სპორტულ კარიერას ასრულებს

9 აგვისტო, 2022 • 1007
სერენა უილიამსი სპორტულ კარიერას ასრულებს

ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი სპორტულ კარიერას ასრულებს. ამის შესახებ უილიამსმა Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

გრანდ სლემის 23- გზის ჩემპიონის თქმით, სიტყვა „პენსიაზე გასვლა“ არასოდეს მოსწონდა, ამიტომაც საკუთარ გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც ჩოგბურთიდან სხვა მისთვის მნიშვნელოვან საქმეებზე გადასვლას. სპორტსმენის თქმით, რომელსაც პირველი შვილი 2017 წელს შეეძინა, ამ ნაბიჯისკენ ოჯახის გაფართოების სურვილმა უბიძგა:

„არასოდეს მსურდა აღმოვჩენილიყავი მოცემულობის წინაშე, როცა ოჯახსა და ჩოგბურთს შორის არჩევანის გაკეთება მომიწევდა. არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია. მე რომ კაცი ვიყო, ამის თქმა არ მომიწევდა, ჩოგბურთის თამაშს და ტიტულების მოგებას გავაგრძელებდი, სანამ ოჯახის გაფართოებისთვის ფიზიკურ შრომას ჩემი ცოლი შეასრულებდა“, – ამბობს სერენა უილიამსი Vogue-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჩოგბურთელი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ბოლო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს, აშშ-ის ღია პირველობა იქნება, რომელიც აგვისტოში დაიწყება და სექტემბრამდე გასტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი