რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებში წარმოადგენს რუსეთს, აცხადებს, რომ ევროკავშირს, შეერთებულ შტატებსა და შვეიცარიას ჟენევის დისკუსიების ჩაშლა სურთ.
კარასინი 9 აგვისტოს ტელეგრამზე გამოეხმაურა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავს, გაიმეორა რუსეთის ფედერაციის ოფიციალური ნარატივი, რომლის თანახმადაც „თბილისი საერთაშორისო სამართლის დარღვევით თავს დაესხა ცხინვალს“, რასაც მოჰყვა „სააკაშვილის რეჟიმისთვის მშვიდობის იძულების ოპერაცია“.
კარასინი წერს, რომ ომის შემდეგ „მთავარი შემაკავებელი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში პროგნოზირებადობასა და სტაბილურობას“, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები იყო, სადაც, კარასინის სიტყვებით, „სოხუმის, ცხინვალის, თბილისის, ასევე რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს შუამავლობით“.
მისი შეფასებით, „ჟენევის დისკუსიები გახდა უსაფრთხოების დაზღვევის ბადე სამხრეთ კავკასიის რეგიონში“.
„ბოლო თვეების განმავლობაში შემაშფოთებლად ცხადი ხდება ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და თავად შვეიცარიის სურვილი, ჩაშალონ ჟენევის დისკუსიების მუშაობა უკრაინაში განვითარებული მოვლენების საბაბით“, – აცხადებს კარასინი.
მისი თქმით, ბოლო შეხვედრა 2021 წლის დეკემბერში გაიმართა, რაც, მისი შეფასებითვე, „უკიდურესად სახიფათოა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს მიზანმიმართული პროვოკაცია“.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები.
საქართველოსა და რუსეთს შორის, ჟენევის დისკუსიების გარდა, არსებობს აბაშიძე-კარასინის არაფორმალური დიალოგი, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორები არ მონაწილებენ.