ახალი ამბები

„ოცნება“ 24 ივნისის აქციის კლიპის გამო 3 არხს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის

9 აგვისტო, 2022 •
„ოცნება“ 24 ივნისის აქციის კლიპის გამო 3 არხს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის

„ქართული ოცნება“ ოპოზიციურ ტელეარხებს, „მთავარ არხს“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“, კომუნიკაციების კომისიაში უჩივის 24 ივნისის დემონსტრაციის რეკლამის გამო.

„ტვ პირველის“ წარმომადგენელი ნანა აბურჯანიძე ამბობს, რომ მარეგულირებელს მიმართა „ქართულმა ოცნებამ“ და სამ ტელეარხს ედავება, რადგან არასაარჩევნო პერიოდში ეთერში გაუშვეს პოლიტიკური შინაარსის რეკლემა.

„ქართული ოცნების“ საჩივარში, რომელიც, ტელეარხების თანახმად, 8 აგვისტოს მიიღეს კომისიისგან, წერია, რომ 2022 წლის 23-25 ივნისს „ფორმულას“, „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის“ ეთერში გავრცელდა რეკლამა, რომელიც წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსის იყო.

საჩივარში, რომელსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს, ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციით, რეკლამიდან აშკარად ჩანს, რომ ის „მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში „ქართული ოცნების“ არჩევისთვის ხელშეშლას“; ასევე, პარტიის თანახმად, რეკლამა „ქართული ოცნების“/ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით „გაკეთებული განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამონარიდების საფუძველზე ემსახურება მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას“.

„ქართული ოცნება“ წერს, რომ ამ პერიოდში საარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობდა, საარჩევნო რეკლამა კი მკაცრადაა დარეგულირებული. შესაბამისად, 23-24 ივნისს, არაწინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსება არის კანონდარღვევა.

„ქართული ოცნება“ ტელეარხებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

რას ამბობენ ტელევიზიები

ოპოზიციური ტელეარხები ამ საჩივარს კრიტიკულ მედიაზე მორიგ შეტევად განიხილავენ; ამბობენ, რომ „კლიპში „ქართული ოცნების“ ლიდერების ის განცხადებებია თავმოყრილი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება აქტიურად ეწევა ანტიევროპულ და ანტიუკრაინულ კამპანიას, კლიპმა კი „ქართული ოცნება“ გააღიზიანა“.

„მთავარი არხის“ იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიისგან ტელეარხების გამტყუნებას ელიან:

„რა თქმა უნდა, ყველა უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ მარეგულირებელი კომისია დაადგენს, რომ ჩვენ დავარღვიეთ კანონი და, რა თქმა უნდა, დაგვსჯის. ვფიქრობ, განსაკუთრებულ სადამსჯელო ღონისძიებას გაატარებს მთავარი არხის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ჩვენ განსაკუთრებულად ვაწუხებთ მათ. შეგახსენებთ, რომ წინა ჯერზე მარეგულირებელმა კომისიამ 112 ათასი ლარით დაგვაჯარიმა პუტინის გამოსახულების გამო“, – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

ნანა აბურჯანიძეც ვარაუდობს, რომ ტელეარხებს „ფინანსურ სანქციებს“ დაუწესებენ.

კომუნიკაციების კომისიაში 11 აგვისტოს არის დანიშნული მოსამზადებელი სხდომა.

დღის წესრიგის თანახმად, 15:00 საათზე დაიწყება ტელეარხების მიმართ „ქართული ოცნების“ საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი