აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა. როგორც Financial Times წერს, FBI-მ საგამოძიებო პროცედურები ჩაატარა ტრამპის პრეზიდენტობისას ოფიციალური და გასაიდუმლოებული ინფორმაციის შემცველ ფაილებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან წაიღო.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის სახლში დიდი რაოდენობით FBI-ს აგენტები შეიჭრნენ. „მსგავსი რამ ამერიკის პრეზიდენტს არასოდეს დამართნია“, – წერს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპის თქმით, სპეცოპერაციის ასეთი ფორმით ჩატარება შეუფერებელი იყო, რადგანაც ოფიციალურ უწყებებთან თანამშრომლობს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა საკითხზე.
როგორც CNN წერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს ტრამპთან დაკავშირებული ორი საქმის გამოძიება. ერთი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება, მეორე კი, ოფიციალურ და გასაიდუმლოებულ ინფორმაციას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეროვნულმა არქივმა, რომელსაც პრეზიდენტის სამუშაო დოკუმენტების შეგროვება და დაარქივება ევალება, წლის დასაწყისში განაცხადა, რომ პალმ ბიჩის რეზიდენციიდან, რომელიც დონალდ ტრამპის საკუთრებაშია, თეთრი სახლის ფაილებით სავსე 15 ყუთი აღმოაჩინეს. უწყების თქმით, დოკუმენტების ნაწილი სახელმწიფო საიდუმლოსაც შეიცავდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თავად დონალდ ტრამპი ჩხრეკისას ნიუ იორკში იმყოფებოდა.