ახალი ამბები

თბილისში 15 გეოგრაფიულ ობიექტს აგვისტოს ომში დაღუპული პირების სახელი მიენიჭება

8 აგვისტო, 2022 •
თბილისში 15 გეოგრაფიულ ობიექტს აგვისტოს ომში დაღუპული პირების სახელი მიენიჭება

თბილისის საკრებულოს განცხადებით,  თბილისის კიდევ 15 ქუჩას აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელები ეწოდება.

საკრებულოს თქმით, ამ ეტაპზე, 15 გეოგრაფიული ობიექტის სახელდება განხორციელდება. მათ შორის, ვაკის რაიონში, თხინვალაში მდებარე უსახელო სკვერს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭება, საქართველოს ეროვნული გმირის ალექსანდრე ონიანის სახელი ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩასთან  მდებარე უსახელო ქუჩას დაერქმევა, ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას კი რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის კახაბერ თავგორაშვილის სახელი მიენიჭება.

საკრებულოს განცხადებით, ამავე ომში გარდაცვლილი  ჟურნალისტის გიგა ჩიხლაძის, ფოტორეპორტიორის ალექსანდრე კლიმჩუკის  და ჰოლანდიელი ტელეოპერატორის სტან სტორიმანსის სახელობის ქუჩების სახელდება  კი სამგორის რაიონში განხორციელდება.

„ეს დღე ასოცირდება გმირობასთან, თავდადებასთან და ერთიანობასთან. ჩვენ დღეს ქედი მოვიხარეთ ჩვენი გმირების წინაშე, ჩვენ სიამაყის გრძნობა გვავსებს ჩვენი გმირების ისტორიით და ეს არის, ნამდვილად, ჩვენთვის იმის საფუძველი, რომ ქართველი არასდროს დათმობს დამოუკიდებლობას.

გმირების სახელების უკვდავსაყოფად თბილისის საკრებულო განახორციელებს სახელდებას ჩვენი გმირების სახელზე. პროცესი არის დაწყებული რამდენიმე წლის წინ და ჩვენ ვაგრძელებთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, 10-მდე გმირის სახელობის ქუჩა იქნება მომავალში ჩვენს ქალაქში”, – განაცხადა ტყემალაძემ „რუსთავი 2-თან“.

წელს 14 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, რომელსაც „აგვისტოს ომის“ სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი