ახალი ამბები

ვგმობთ საქართველოს ტერიტორიებზე რუსეთის ძალების ყოფნას – EU-ს წარმომადგენლობა

7 აგვისტო, 2022 •
ვგმობთ საქართველოს ტერიტორიებზე რუსეთის ძალების ყოფნას – EU-ს წარმომადგენლობა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გმობს საქართველოს ტერიტორიებზე რუსეთის ძალების არსებობას.

„რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ევროკავშირი ერთხმად უმკაცრესად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საფუძველმოკლებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს, ასევე კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას. ეს არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა.

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. “ბორდერიზაციის”, გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს. კვლავ მოვუწოდებთ ანგარიშვალდებულებისკენ, მათ შორის წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევის სანდო გამოძიების გზით, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ, მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს და უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების სათანადო შესრულება.

კვლავ სრულად მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით. ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – წერია განცხადებაში.


წელს 14 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, რომელიც „აგვისტოს ომის“ სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე აგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი