ახალი ამბები

„რუსეთს სურს ომი და არა დასავლეთს, დეზინფორმაცია შეურაცხყოფს გმირთა ხსოვნას“ – კამპანია ცრუ ინფორმაციის წინააღმდეგ

4 აგვისტო, 2022 •
„რუსეთს სურს ომი და არა დასავლეთს, დეზინფორმაცია შეურაცხყოფს გმირთა ხსოვნას“ – კამპანია ცრუ ინფორმაციის წინააღმდეგ

„რუსეთს სურს ომი და არა დასავლეთს. დეზინფორმაცია შეურაცხყოფს გმირთა ხსოვნას“, – ასე ჰქვია კოალიციის „ინფორმაციის სანდოობისთვის“ კამპანიას, რომლის შესახებაც კოალიციის წევრებმა დღეს, 4 აგვისტოს, პარლამენტის წინ ისაუბრეს.

როგორც კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები აცხადებენ, კამპანიის მიზანია, სიმართლე დაუპირისპირონ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს.

როგორც  ყოფილი სახალხო დამცველი, ამჟამად ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ნეტგაზეთთან აცხადებს, გზავნილი, რომ თითქოს დასავლეთს სურს ომი, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია და  სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული პროპაგანდის მთავარ მესიჯებს იმეორებს.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა კონკრეტული მესიჯები,  განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ თითქოს დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩართვა. ეს მესიჯები მოდის ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან. შეიძლება ითქვას, რომ ამ კამპანიამ საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ომი უნდა რუსეთს და არა დასავლეთს, რომ რუსეთი იყო ის ქვეყანა, რომელიც არაერთხელ აწარმოებდა აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და დღესაც აგრძელებს სხვადასხვა ფორმით.

ჩვენ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, გაერთიანებული ვართ კოალიციაში, რომლის მიზანია ინფორმაციის სანდოობა და გადამოწმება. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას დეზინფორმაციისგან თავისუფალი, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საჭირო იყო ამ საკითხებზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილება. რადგან, სამწუხაროდ, ძალიან ბევრს საქართველოში სჯერა იმ დეზინფორმაციული გზავნილების, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ“, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

დღესვე პარლამენტის წინ აჩვენეს ვიდეორგოლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ოჯახის წევრების მონაწილეობით. მათი მთავარი გზავნილი სწორედ ის იყო, რომ დეზინფორმაცია, რომელიც დღეს მიმდინარეობს, დაღუპული გმირების ხსოვნას შეურაცხყოფს.

როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა მარიამ გოგოსაშვილმა განაცხადა, აგვისტოს ომიდან 14 წლისთავზე მნიშნელოვანია საზოგადოებას შეახსენონ, რომ ამ ომთან დაკავშირებით არსებობს დეზინფორმაცია და აუცილებელია, მას სიმართლე დაუპირისპირონ.

„ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს დასავლეთს სურს, საქართველო ჩაითრიოს ომში. ასევე ბევრი შეთქმულების თეორია მოვისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ისმის რუსული გზავნილები, რომ თავად უკრაინაა დამნაშავე მასზე აგრესიაში და ასევე ანალოგიური გზავნილები გვესმოდა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოზეც.

ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამ სიცრუისთვის დაგვეპირისპირებინა რეალობა და სიმართლე“, – უთხრა ნეტგაზეთს მარიამ გოგოსაშვილმა.

როგორც კოალიციის წევრები ამბობენ, კამპანიის ფარგლებში სხადასხვა აქტივობას გააგრძელებენ, მათ შორის 7 აგვისტოს გორში დისკუსიას გამართავენ.


„ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციას და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ  ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ზუსტად იმიტომ უნდოდათ რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რომ ეს ათმაგად ზრდიდა ომის რისკებს.

„ოცნების“ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდა კიდევ უფრო გააქტიურეს სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართულ ოცნება“ 28 ივნისს დატოვეს, როგორც მათ თქვეს, „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის“ გასატანად.

ამ თემაზე:


მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zink Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი