ახალი ამბები

კამპანია უკავშირდება, მათ შორის, ტურიზმის ჩამოშლას – მდინარაძე რუსეთთან სავიზო რეჟიმის მოთხოვნაზე

4 აგვისტო, 2022 •
კამპანია უკავშირდება, მათ შორის, ტურიზმის ჩამოშლას – მდინარაძე რუსეთთან სავიზო რეჟიმის მოთხოვნაზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა კამპანიაა, რომელიც უკავშირდება საქართველოში, მათ შორის, ტურიზმის ჩამოშლას.

დღეს მდინარაძეს ჟურნალისტებმა სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა პეტიციასა და ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებს დაუწესდეთ სავიზო რეჟიმი. მდინარაძემ ეს ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირდა და თქვა,რომ  სწორედ ამ პარტიამ დააწესა უვიზო რეჟიმი აგვისტოს ომიდან რამდენიმე წელიწადში, ანუ 2012 წელს.

„იმ ხალხის მიერ აგორებული კამპანიის ერთი პატარა „ფეიკ“ ნაწილია. „ფეიკს“ ვუწოდებ მათ აღშფოთებას. აღშფოთდნენ პირველად ისინი და ამ კამპანიას გეგმავენ ტურისტების წინააღმდეგ ისინი, ვინც 2012 წელს, ანუ აგვისტოს ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, უვიზო რეჟიმი დაუწესა. ისინი რომ აყენებენ ამ საკითხს, უკვე არ უნდა განიხილო. თუ რაიმე საჭიროა, ამის ინიციატორი ისედაც გაჩნდება“ – დასძენს მდინარაძე.

ჟურნალისტებთან საუბარში მას არგუმენტად მოჰყავს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაც, სადაც ნათქვამია, რომ 2022 წელს იანვარ-ივნისში რუსეთიდან 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. მდინარაძემ თქვა, რომ ეს რიცხვი 2019 წლის მონაცემს რამდენჯერმე ჩამოუვარდება, შესაბამისად, ზრდა უპრეცედენტო არ არის.

ამ კვლევაში აღნიშნული არ არის, რუსეთიდან შემოსული 247 ათასი ვიზიტორიდან რამდენი დარჩა ქვეყანაში და რამდენი გავიდა.

„ეს კამპანია უკავშირდება იმასაც , რომ ჩამოიშალოს საქართველოში ტურიზმის სფერო. როდესაც მათ თავად გაუუქმეს რუსებს ვიზა და უვიზო რეჟიმი დაუწესეს და ახლა გვეუბნებიან, როგორ შემოდიან რუსი ტურისტები საქართველოშიო, ტურიზმსა და შემოსავალს ურტყამენ, ურტყამენ იმასაც…იძახიან, თითქოს რუსულ ინტერესს ემსახურება ხელისუფლება“, – ამბობს მდინარაძე.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ეს გზა რუსეთმა გამოიყენოს სანქციების ასარიდებლად და ჰიბრიდული ომის ნაწილად, „ოცნების“ ლიდერი დასძენს.

„ტურიზმის დაკავშირება ასეთ ნარატივებთან, როგორიცაა მათ მიერ მოგონილი შავი ხვრელი – სანქციების არიდება, არის უბრალო ტყუილი. მარტივი, მდაბიო „ფეიკია“. ტურიზმი ამ ქვეყანაში, მათ შორის მოიცავდა რუსსაც, არარუსსაც, სხვა ნებისმიერი ქვეყნისა და ეროვნების წარმომადგენელს. შესაბამისად, ეს უბრალოდ მოგონილია, რომ ვინმეს დააჯერონ, თითქოს აქ პრობლემაა“.


რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს პარტია „ლელო“. გარდა ამისა, რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

ნახეთ ასევე:

კობახიძის აზრით, რუსეთთან უვიზო რეჟიმის გადახედვა ირაციონალურია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი