ახალი ამბები

კობახიძის აზრით, რუსეთთან უვიზო რეჟიმის გადახედვა ირაციონალურია

3 აგვისტო, 2022 • 916
კობახიძის აზრით, რუსეთთან უვიზო რეჟიმის გადახედვა ირაციონალურია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედებული უვიზო რეჟიმის გადახედვა რუსეთ-უკრაინის ომის გამო ირაციონალურია.

„ის სავიზო პოლიტიკა, რაც მოქმედებს რუსეთთან მიმართებით საქართველოში, ამოქმედდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების პირობებში, და დღემდე ძალაშია ეს პოლიტიკა. იმ პოლიტიკის შეცვლა, რომელიც ამოქმედდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ამ ომის გამო არის უბრალოდ ირაციონალური. წინა ხელისუფლებამ ჩვენი ომის შემდეგ აამოქმედა ის სავიზო რეჟიმი, რომელიც მოქმედებს დღემდე“, — განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ოფიციალური მონაცემებით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო, საქართველოს საზღვარი აპრილის თვეში რუსეთის 48 797-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, მაისში – 69 772-მა მოქალაქემ, ივნისში კი რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში. საქართველო, თურქეთთან ერთად, ყველაზე პოპულარული მიმართულებაა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ ქვეყანას ტოვებენ.

პოლიტიკური პარტია „ლელო“ აცხადებს, რომ ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა და  რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს.

„შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის (უკრაინასთან საომარ მოქმედებებში მყოფი  ქვეყნების მოქალაქეები),  დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე (ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ), 30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის გაიცეს ვიზები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით“, — აცხადებს „ლელო“.

რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალხმრივად 2012 წლის მარტში, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი