ახალი ამბები

ოხანაშვილის აზრით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება ომში ჩართვის ინტერესს ემსახურება

4 აგვისტო, 2022 •
ოხანაშვილის აზრით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება ომში ჩართვის ინტერესს ემსახურება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას აკავშირებს საქართველოს ომში ჩართვასთან. ამის შესახებ მან დღეს, 4 აგვისტოს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ისეთი პოლიტიკური საკითხები, როგორიც არის ახლა გააქტიურებული საკითხი სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით, გასაგებია, რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება. არაერთხელ გვითქვამს, რომ სავიზო რეჟიმი მოხსნა სააკაშვილმა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, კონკრეტულ მოცემულობაში მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას.

თუმცა ახლა, როცა საუბარია იმ ნარატივის გაგრძელებაზე, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვმოქმედებთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად და არა მცირე, მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან არის შემოტანილი. არავის სხვა ინტერესი არ გააჩნია, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და საბოლოოდ ომში ჩაერთოს ჩვენი ქვეყანა, ყველა კონკრეტული შემოთავაზება ემსახურება ამ ინტერესს”, – განაცხადა ოხანაშვილმა.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI) გამოაქვეყნქ კვლევა, რომლის მიხედვითად 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.

რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს პარტია „ლელო“. გარდა ამისა, რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

TI: იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში 247 000 ვიზიტორი შემოვიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი