ახალი ამბები

რეგულირების სააგენტომ 7 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე მოკვლევა დაიწყო

3 აგვისტო, 2022 •
რეგულირების სააგენტომ 7 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე მოკვლევა დაიწყო

მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრში 7 წლის ბავშვი ანესთეზიის შემდეგ გარდაიცვალა.

კლინიკის ინფორმაციით, ბავშვს ბოლო წლების განმავლობაში მესამე პედიატრიული უროლოგიური ოპერაცია უნდა ჩასტარებოდა, თუმცა ანესთეზიიდან წუთ-ნახევარში სუნთქვის დარღვევა განუვითარდა და გულს გაუჩერდა. ოჯახის წევრები ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ.

„გაუკეთდა ნარკოზი. ბავშვმა ხელი დაიდო [გულზე] და ვიხრჩობიო, მითხრა და თვალები გადაატრიალა. ანესთეზიოლოგმა თქვა, ეს იცისო ნარკოზმა. თქვენ უნდა გახვიდეთ და მე ყველაფერს გავაკეთებთო. ძალით მომიკლეს ჩემი შვილი, ზედმეტი დოზა მისცეს და გარეთ მითხრეს, ოპერაციის შემდგომი გართულება მოჰყვაო. ქირურგია საერთოდ არ არის ჩატარებული“, — განაცხადა გარდაცვლილის დედამ ბაია ინჯგიამ.

უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბროსი პერტია „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში ადასტურებს, რომ ბავშვს ოპერაცია არ ჩასტარებია, თუმცა უარყოფს, რომ დედა ანესთეზიის დაწყებისას საოპერაციოში იმყოფებოდა.

„რა თქმა უნდა, ოპერაციული ჩარევა მას არ ჩასტარებია, იმიტომ, რომ ოპერაციის დაწყება უბრალოდ ვერ მოესწრო. საწყისი ანესთეზიის დაწყებისთანავე ფატალური შედეგი განვითარდა. რა არის ამის მიზეზი, ამის თქმა, რა თქმა უნდა, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების გარეშე არ შეიძლება, რომელიც დაადგენს, რის გამო განვითარდა, რა იყო კონკრეტული მიზეზი“, – განაცხადა ამბროსი პერტიამ.

ჯანდაცვის სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ მიმართვა არ ყოფილა, თუმცა რეგულირების სააგენტომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი