ახალი ამბები

რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუქმდა

1 მარტი, 2012 • • 8130
რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუქმდა

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ. შესაბამისი, №149 ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 28 თებერვალს გამოსცა.

სააკაშვილმა განცხადება რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებაზე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ყველა რუსმა ბიზნესმენმა უნდა იცოდეს, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა, რომელიც თავისუფალია კორუფციისა და ბიუროკრატიული წნეხისგან. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსმა ტურისტებმაც უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოსვლა და მათ აქ ყველა სტუმართმოყვარეობით დახვდება.

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა რუსულ ტელეარხ ”დოჟდისთვის” 29 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში.

”პირველ რიგში, რასაც ჩვენ ვაცხადებთ სწრაფად სრულდება – ვთქვით, რომ სავიზო რეჟიმს გავაუქმებდით და 5 წუთში გავაუქმეთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და რაც უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვა ჩვენს არაოკუპირებულ ტერიტორიებზე, მით მეტ ინფორმაციას მიიღებენ, უფრო მეტად კმაყოფილები იქნებიან, უფრო მეტად ისიამოვნებენ საქართველოს ბუნებით, ქართული ღვინოებითა და მინერალური წყლებით,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის 90-დღიანი უვიზო რეჟიმი ჯერ კიდევ 2010 წლის 11 ოქტომბრიდან ამოქმედდა. მაშინ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებამ პროვოკაციულ ნაბიჯად შეაფასა.

მასალების გადაბეჭდვის წესი