ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ორი დაღუპული, რვა დაჭრილი – შეტაკება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

3 აგვისტო, 2022 • 2862
ორი დაღუპული, რვა დაჭრილი – შეტაკება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

დღეს, 3 აგვისტოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფების შეხების ზოლში ახალი შეტაკება მოხდა – მხარეთა ოფიციალური განცხადებების შესაბამისად, დაღუპულია ერთი აზერბიჯანელი და ერთი ყარაბაღელი ჯარისკაცი, რვა სომეხი ჯარისკაცი დაჭრილია. სიტუაციის ესკალაციაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. სტეპანეკერტის ცნობით, ბაქომ თავდასხმისთვის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.

იქამდე ბაქომ ერევანი დაადანაშაულა 2020 წლის სამმხრივი განცხადების დარღვევაში და სომხეთს დააკისრა პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ლაჩინის რაიონში მომხდარი ინციდენტის შედეგებზე, რადგანაც, ბაქოს ცნობით, სომხურმა მხარემ ჩრდილოეთ-დასავლეთის მიმართულებით საზღვრის ხაზი დაარღვია, საპასუხოდ კი მან “ანტიტერორისტული ოპერაცია” [ასე უწოდებს აზერბაიჯანი მომხდარს] ჩაატარა, რასაც ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

გუშინ, 2 აგვისტოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკანასკნელ დღეებში აზერბაიჯანმა ყარაბაღში, რუსი სამშვიდოებოების განლაგების ზონაში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია.

ყარაბაღში 44- დღიანი ომის შემდეგ, რუსეთის შუამავლობით 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში განთავსდა რუსული სამშვიდობო მისია, რომელიც დაახლოებით 2000-კაციანი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. რუსული მხარე აკონტროლებს ლაჩინის კორიდორსაც, რომელიც სომხეთს დე ფაქტო მთიან ყარაბაღთან აკავშირებს.

მას შემდეგ ბაქოს არაერთი განცხადება გაუკეთებია იმის შესახებ, რომ სამმხრივი შეთანხმება, რომელიც 2020 წლის ყარაბაღის ომის დამთავრებას დაედო საფუძვლად, არ სრულდება, ვინაიდან აზერბაიჯანის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დროებით რუსი სამშვიდობოები აკონტროლებენ, სომხური შეიარაღებული ძალები კვლავაც შეიმჩნევიან, რასაც სომხური და რუსული მხარეები უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი