საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხზე მოსწონს არასამთავრობო ორგანიზაციების მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს რეფორმების გატარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას.
„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, მე ძალიან მომწონს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა კრიტერიუმზე მუშაობა გააძლიერებს საქართველოში დემოკრატიასა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რაც თავისთავად გამოიწვევს პროგრესს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. ასე რომ, ეს ამ ეტაპზე სწორი მიდგომაა და მე ვეთანხმები ამ ანალიზს“, — განაცხადა კოლასმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი იყო.
„ჩვენი ერთადერთი პოლიტიკა არის, რომ საქართველოს მხარი დავუჭიროთ ევროკავშირთან დაახლოებასა და რეფორმების გატარებაში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვნახეთ, რომ აღებულ იქნა ამ რეფორმების გატარების ვალდებულება.
თუ მოხერხდება ყველას ენერგიის გაერთიანება და რეფორმების გატარება, ეს ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და სწორედ ამის დანახვა გვსურს. ზოგჯერ რიტორიკა და კომენტარები დამაბნეველი და გამაწბილებელია, მაგრამ იმედია, მოვახერხებთ და პოზიტიურ დინამიკაში გადავალთ“, — თქვა დიეგო კოლასმა.
საფრანგეთის ელჩის განცხადების თარგმანს „მთავარი არხი“ ავრცელებს.
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი რომ მოიპოვოს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს 12 ნაბიჯს და ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მართლმსაჯულება, ადამიანთა უფლებები, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაზრდა და სხვა.
სამოქალაქო ორგანიზაციების ხედვით, 12-პუნქტიანი ჩამონათვალის ყველა სხვა პირობის შესრულებამ ავტომატურად უნდა გამოიწვიოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ოლიგარქიული გავლენის შემცირება. სამოქალაქო სექტორი ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს ოპოზიციის ჩართულობით მთავარი პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის ახალი წესის მიღებას, ასევე, ანტიკორუფციული სააგენტოს გამოყოფას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან და მისი დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბებას.
12 ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობისთვის – არასამთავრობო სექტორის გეგმა





