ახალი ამბები

პაპუაშვილი TI-ის კვლევაზე: „ყალბ აღქმებს ქმნიან და შემდეგ თავადვე ებრძვიან“

3 აგვისტო, 2022 • 715
პაპუაშვილი TI-ის კვლევაზე: „ყალბ აღქმებს ქმნიან და შემდეგ თავადვე ებრძვიან“

საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევა არის გარკვეული კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანიც ნარატივის შექმნაა, თითქოს საქართველო დასავლეთს სცილდება.

პაპუაშვილი საუბრობს დღეს, 3 აგვისტოს გამოქვეყნებულ კვლევაზე, სადაც შეფასებულია საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა.

„სამწუხაროდ, ესეც ნაწილია იმ კამპანიისა, რომელიც ცდილობს წარმოსახოს, თითქოს არის გარკვეული, ასე ვთქვათ, მიმდინარე ტრენდი, რომ საქართველო რუსეთზე დამოკიდებულია, რომ საქართველო დასავლეთს სცილდება. ამ კამპანიას აწარმოებენ, თითქოს არის ანტიდასავლური ტრენდი, მერე ამის საპირისპიროდ თვითონვე აწარმოებენ კამპანიას, რომ დასავლეთი კარგია.

თავადვე ქმნიან ყალბ აღქმებს და მერე თავადვე ებრძვიან ამ ყალბ აღქმებს. თუკი შევხედავთ, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად დამოკიდებულია. რაც შეეხება ენერგომატარებლებს, ყველაზე ნაკლები დამოკიდებულება გვაქვს რუსეთზე, დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს საერთოდ რუსეთთან. საბაზრო ეკონომიკა თავისი ლოგიკით მოქმედებს. საბაზრო ეკონომიკაში თავადვე დევს ის ინსტრუმენტები, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეული რისკების გადაფარვას.

აქ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს არის ჩვეულებრივი კამპანია, რაც არის ჰიბრიდული ომის ნაწილი და მიმართული საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, თითქოს ბუნდოვანებაა პოზიციებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი ნაწილი იმ კამპანიის, რომლის მიზანიც ხელისუფლების შერყევაა. მთავარია, ამას ხალხი ხედავს და რეაქცია ამაზე აღარ აქვთ“, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა და 706 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამავე პერიოდში ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 2.8%-ით შემცირდა და 256 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

კვლევის ავტორების განცხადებით, ექსპორტის ასეთი ზრდის მიუხედავად, რუსეთთან ვაჭრობის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 11.8%-დან 11.4%-მდე შემცირდა. ამის მიზეზი, კვლევის ავტორების თქმით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის უფრო მეტად ზრდაა სხვა ქვეყნების მიმართულებით. თუმცა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ცალკე აღებული რუსეთიდან იმპორტის წილი ჯამური იმპორტის 11.9% იყო, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია.

მასალების გადაბეჭდვის წესი