ახალი ამბები

TI: რუსეთიდან იმპორტის წილი ბოლო 15 წლის მაქსიმუმზეა

3 აგვისტო, 2022 •
TI: რუსეთიდან იმპორტის წილი ბოლო 15 წლის მაქსიმუმზეა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა და 706 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამავე პერიოდში ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 2.8%-ით შემცირდა და 256 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. კვლევის ავტორების განცხადებით, ექსპორტის ასეთი ზრდის მიუხედავად, რუსეთთან ვაჭრობის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 11.8%-დან 11.4%-მდე შემცირდა. ამის მიზეზი, კვლევის ავტორების თქმით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის უფრო მეტად ზრდაა სხვა ქვეყნების მიმართულებით. თუმცა,ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ცალკე აღებული რუსეთიდან იმპორტის წილი ჯამური იმპორტის 11.9% იყო, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია.

TI-ს კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსულ ბაზარზე ექსპორტში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები იყო 86 მლნ აშშ დოლარით.

შემდეგ მოდიოდა ღვინო 58 მლნ აშშ დოლარით, უალკოჰოლო სასმელები 31 მლნ აშშ დოლარით და სპირტიანი სასმელები 14 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, ორგანიზაციის განცხადებით, პირველ ადგილზე ნავთობპროდუქტები იყო 184 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიოდა ბუნებრივი აირი 40 მლნ აშშ დოლარით, ქვანახშირი და კოქსი 30 მლნ აშშ დოლარით, ხორბლის ფქვილი 29 მლნ აშშ დოლარით და მარგარინი 26 მლნ აშშ დოლარით.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა.

„2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 55% (131 მლნ აშშ დოლარის) რუსეთში გავიდა. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში ექსპორტირებული 58 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 58% იყო. მიუხედავად იმისა, რომ იანვარ-ივნისში რუსეთში ღვინის ექსპორტი 3%-ით შემცირდა, ჯამური ექსპორტის მეტად შემცირების გამო (4.2%-ით), საბოლოოდ რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში გაიზარდა. ჯამური ღვინის ექსპორტის შემცირება დიდწილად მარტიდან უკრაინის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის შეწყვეტამ განაპირობა“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, რუსულ ხორბალზე და ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება, ასევე, ტრადიციულად მაღალია.

კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს რუსეთიდან 87 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 319 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, რაც საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 94% იყო.

TI-ს თქმით, 2022 წლიდან ხორბლის იმპორტი ჩაანაცვლა ხორბლის ფქვილის იმპორტმა. რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე გაზრდილი გადასახადის გამო, იმპორტიორებმა ხორბლის ფქვილის შემოტანა არჩიეს, რომელიც საბოლოოდ უფრო იაფი გამოდის.

ორგანიზაციის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტი 14-ჯერ გაიზარდა, ხორბლის იმპორტი კი განახევრდა. ჯამში, რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილმა საქართველოს ამავე საქონლის მთლიან იმპორტში 95% შეადგინა..

ამასთან, TI-ს კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში რუსული ელექტროენერგიის იმპორტს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში მნიშვნელოვანი წილი აღარ უჭირავს.

„2021 წელს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მხოლოდ 1.8% იყო, ელექტროენერგიის მთლიან იმპორტში კი მისი წილი 25%-ს შეადგენდა. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 3.5% იყო, ელექტროენერგიის მთლიან იმპორტში კი – 49%“, – ვკითხულობთ კვლევაში.

ორგანიზაციის თქმით, განსხვავებული სიტუაციაა ბუნებრივი აირის იმპორტში. მაგალითად, TI-ს კვლევის მიხედვით,  2018 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირს საქართველოს ბუნებრივი აირის მთლიან იმპორტში 2.8% წილი ეკავა (ღირებულების მიხედვით). 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 12.2%-მდე გაიზარდა და 2021 წელს 23.1%-ს მიაღწია.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში 40 მლნ აშშ დოლარის ბუნებრივი აირი შემოვიდა, რაც საქართველოს ბუნებრივი აირის ჯამური იმპორტის 17% იყო. TI აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარ მომწოდებლად აზერბაიჯანი რჩება, საიდანაც 2022 წლის იანვარ-ივნისში 192 მლნ აშშ დოლარის ბუნებრივი აირი შემოვიდა, რაც საქართველოს ბუნებრივი აირის ჯამური იმპორტის 83% იყო.

კვლევის ავტორების განხადებით, უშუალოდ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივნისში, საქართველოს ექსპორტი რუსეთში 16%-ით შემცირდა და 163 მლნ აშშ დოლარი შეადგინა:

„მარტი-ივნისში რუსეთში ექსპორტის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 9.1% შეადგინა, როცა 2021 წლის იმავე თვეების მაჩვენებელი 14% იყო. ამავე პერიოდში რუსეთიდან იმპორტი 57%-ით გაიზარდა და 524 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 12.8% შეადგინა, როცა გასული წლის მარტ-ივნისში 10.6% იყო.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ქართული ექსპორტის შემცირება განაპირობა ძირითადად ღვინის და უალკოჰოლო სასმელების გაყიდვების კლებამ. კერძოდ, ღვინის ექსპორტი 17%-ით (7.6 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა, ხოლო მინერალური და სხვა უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი – 46%-ით (15 მლნ აშშ დოლარით). მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტში, რომელიც გაორმაგდა და 12 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, – ვკითხულობთ კვლევაში.

რაც შეეხება იმპორტს, ორგანიზაციის თქმით, მარტი-ივნისში ყველაზე მეტად – 4-ჯერ (118 მლნ დოლარით) – რუსული ნავთობპროდუქტების (საწვავი) იმპორტი გაიზარდა. კერძოდ,  კვლევის მიხედვით, რუსული მარგარინის იმპორტი 7-ჯერ (16 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. ელექტროენერგიის იმპორტი კი 4-ჯერ (9 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. ამასთან, 3-ჯერ გაიზარდა ქვანახშირისა და კოქსის იმპორტი და, ჯამში, 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

TI-ს თქმით, მარტი-ივნისში ფაქტობრივად შეწყდა რუსეთიდან ტელეფონის აპარატების შემოტანა, კლება 13 მლნ აშშ დოლარი იყო. 55%-ით (10 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის შემოტანა, 28%-ით (8 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა ბუნებრივი აირის იმპორტი.

კვლევის ავტორების განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შემცირდა საქართველოს ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება, ხოლო რუსული საქონლის იმპორტზე დამოკიდებულება გაიზარდა.  ორგანიზაციის თქმით, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია.

კვლევას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი