ახალი ამბები

გარკვეული დახმარებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა — კობახიძე უკრაინელ ლტოლვილებზე

1 აგვისტო, 2022 •
გარკვეული დახმარებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა — კობახიძე უკრაინელ ლტოლვილებზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებას მოუწია საქართველოში უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამის დასრულება მწირი რესურსებიდან გამომდინარე.

„ვითარება ზოგადად რთულია ყველა ქვეყანაში. სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებდა და გააკეთებს მომავალშიც. მათ შორის შეგახსენებთ, ამ პირებისთვის გაიცემა სათანადო, საკმაოდ სერიოზული კომპენსაციები. ამას გასცემს როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები. თუმცა გარკვეული ტიპის დახმარებები უსასრულოდ, სამწუხაროდ, ვერ გაგრძელდებოდა რესურსებიდან გამომდინარე. ამიტომ ხელისუფლებას გარკვეულ ეტაპზე მოუწია ამ გადაწყვეტილების მიღება“, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ სახელმწიფო უკრაინელ ლტოლვილებს კომპენსაციებით დაეხმარება.

კითხვაზე, 300-ლარიანი კომპენსაცია რამდენად საკმარისია, კობახიძე პასუხობს:

„ამას ემატება სულადობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყოფილი თანხები და ა.შ. საკმარისი შეიძლება რაღაცები ვერ იყოს, მაგრამ სახელმწიფოს აქვს თვისი მწირი რესურსი და ამ მწირი რესურსის ფარგლებში გამოიყოფა დახმარება. შეგახსენებთ, რომ 500 000 არის სოციალურად დაუცველი საქართველოში და სახელმწიფომ დაბალანსებულად უნდა გადაანაწილოს ის რესურსი, რომელიც მას აქვს“, — დასძინა კობახიძემ.

საქართველოში უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დასრულდა.

თბილისის მერიის განცხადებით, წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, პროგრამა  ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა და ამ მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე – 45 ლარი გაიცემა.

რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ამ თემაზე:

მოვუწოდებთ საზოგადოებას, ბიზნესებს, რომ გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს — ხოშტარია

მასალების გადაბეჭდვის წესი