ახალი ამბები

უფლება აქვთ კითხვები დასვან — ღარიბაშვილი „ოთხეულის“ მიერ დეგნანის კრიტიკაზე

29 ივლისი, 2022 •
უფლება აქვთ კითხვები დასვან — ღარიბაშვილი „ოთხეულის“ მიერ დეგნანის კრიტიკაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტარებისა და სხვა წევრების გასვლა „მათი არჩევანია“ და მათ აქვთ უფლება, კითხვები დასვან.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ დაუპირისპირდა საქართველოს მთავრობა შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარნტიორთან, ამერიკასთან“.

ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ „ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საზოგადოების მხრიდან“ და „ამ კითხვების დასმაში ძალიან ბევრი პოლიტიკოსი არის აქტიურად ჩართული“. მან ასევე თქვა:

„ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება… მე, როგორც მთავრობის მეთაური, ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ურთიერთობა ამერიკასთან და ევროპასთან კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. ეს არის შეუქცევადი გზა. სხვა ყველა სპეკულაცია საფუძველს მოკლებულია“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 29 ივლისს მესტიაში, „სვანეთობაზე“ ყოფნისას ჟურნალისტებს.

ჟურნალისტების კითხვას, იზიარებს თუ არა ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკას და კითხვების შინაარს შეერთებული შტატების ელჩის მისამართით, მან ასე უპასუხა:

„ეს [პარტიიდან გასვლა] მათი არჩევანია. ჩვენ ამ გამჭვირვალე, დემოკრატიულ პროცესს არავითარ შეფერხებას არ შევუქმნით. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ ამ დემოკრატიულ სივრცეში ნებისმიერი კითხვა დასვას და ეს არის სტანდარტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შემოიტანა ქვეყანაში“.


კითხვა, „ხომ არ შეხვდა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ“, სწორედ „ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატებმა დასვეს პირველად, – რაც შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერებმაც გაიმეორეს, – რასაც, საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილის წერილი მოჰყვა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ კელი დეგნანს 21 მარტს შეხვდა და 3 საათის განმავლობაში ესაუბრა. შეხვედრის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

მოგვიანებით, 28 ივლისს „ქართული ოცნებიდან“ ახლად გასულმა პარლამენტარმა, გურამ მაჭარაშვილმა ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით დასვა კითხვა:

„არსებობს ძალიან ლეგიტიმური კითხვა: ამ სამი საათის განმავლობაში ხომ არ ჰქონდა კითხვა ელჩს, მაგალითად, მთავრობასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება ხომ არ გამოთქვა ჩვენს ომთან დამოკიდებულებაზე? სანქციებთან დაკავშირებით ხომ არ იყო კითხვა და ამის შემდგომ ხომ არ იყო ერთგვარი შეთავაზება ბიძინა ივანიშვილისთვის მის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით?” – განაცხადა 28 ივლისს მაჭარაშვილმა.

კელი დეგნანმა კი განაცხადა:

„ჩემი აქ ყოფნის ორ-ნახევარი წლის განმავლობაში, მასთან ყოველი შეხვედრისას ყოველთვის ვარწმუნებდი მას, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ხალხს და ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. არცერთი შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის „დაშანტაჟება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი