საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიების იჯარით გადაცემის საკითხზე “აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ”. ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს, 29 ივლისს, სვანეთში ვიზიტისას ისაუბრა.
“მინდა გითხრათ მთავარი, და ყველას შეგახსენოთ, რომ არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი – ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორია, და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი, არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. მე მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. მე მათ შევახსენებ, რომ სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან”, — განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.
აფხაზურ საზოგადოებაში რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს დისკუსია ბიჭვინთაში ყოფილი სახელმწიფო აგარაკების მიმდებარე სანაპირო ზოლისა და საზღვაო აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით გადაცემის საკითხზე. საუბარია შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მოეწერა მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის.
ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. აღნიშნული შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მარტამდე ცნობილი არ ყოფილა. ამჟამად საკითხი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში განიხილება.