23 ივლისს,ეკონომიკის მინისტრის პრესკონფერენციიდან ცნობილი გახდა, რომ ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა. ეს შესაძლებელი გახდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით. სიახლე ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 22 ივლისს გამოქვეყნდა.
ქართულ კომპანიებს შეუძლიათ, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული საჯარო ტენდერების სრული ჩამონათვალი და მიმდინარე ტენდერების სია იხილონ Tenders Electronic Daily-ის (TED) ვებ-გვერდზე. TED ინფორმაციას სხვადასხვა სექტორებში გამოცხადებული 1 000-ზე მეტი ტენდერის შესახებ ყოველდღიურად აქვეყნებს ელექტრონულ ფორმატში. ერთიანი საძიებო სისტემა საშუალებას იძლევა, ბიზნესებმა შეარჩიონ ან შეიყვანონ რამდენიმე საძიებო კრიტერიუმი, როგორიცაა ხელშეკრულების ტიპი და საკვანძო სიტყვები.
ევროკავშირის შეფასებით, ეს არის მიღწევა და მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველო-ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში და წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) სრულად განხორციელებისთვის.
გადაწყვეტილება, ასევე, შეეხება ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომლებსაც სრული წვდომა აქვთ საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებისთვის გამოცხადებულ ტენდერებზე. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა ღიაა ევროკავშირის კომპანიებისთვის შეზღუდვის გარეშე.
ქართული კომპანიები EU-ში საჯარო ტენდერებში შეძლებენ მონაწილეობას