„ქართული ოცნებიდან“ გასული პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან.
ამის შესახებ მათ დღეს, 28 ივლისს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
სოზარ სუბარის თქმით, გუშინ გამოქვეყნებულ წერილში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ომის საფრთხე ძალიან რეალური იყო.
„დღეს, მართალია, ეს საფრთხე შენელდა, მაგრამ ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის, ყოველწუთიერად არსებობს საფრთხე, რომ საქართველო ამ ომში ჩათრეული აღმოჩნდეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საფრთხე ავაცილოთ ქვეყანას. ამისთვის ზოგჯერ საჭიროა, რომ ის, რაც ხდება კულისებში, საჯარო პოლიტიკის მიღმა, გადმოვიტანოთ საზოგადოების სამსჯავროზე და საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე“, — განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის წერილიდან და აშშ-ის ელჩის დღევანდელი პასუხიდან გამომდინარე გადაწყვიტეს საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება, რომლის მიზანი იქნება, საჯარო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი და ყველაფერი გააკეთონ ომის საფრთხის აცილებისა და ევროპული გზის შეუქცევადობისთვის.
სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართულ ოცნება“ 28 ივნისს დატოვეს, როგორც მათ თქვეს, „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის“ გასატანად. ამის შემდეგ გაააქტიურეს „ოცნების“ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდა იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.
იგივე მიზეზით „ქართული ოცნება“ დატოვეს ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღამბაშიძემ, ჭიათურის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა სამხარაძემ, თერჯოლის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ომარ ჯიხვაშვილმა, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილმა და გორის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ გოგინაშვილმა, თელავის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან კოჭლოშვილი, ადიგენის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი და ასპინძაში „ქართული ოცნების“ საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე გია ჭელიშვილი.
„ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებს დღეს გურამ მაჭარაშვილიც შუერთდა.