„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ მათი პარტიის წევრები ტყიბულის საკრებულოს აპარატიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. კუპრაძის თქმით, ლერი და ლაშა ბოჭორიშვილები „ლელოს“ დამფუძნებელი წევრები არიან და თანამდებობიდან გათავისუფლება რეორგანიზაციის მოტივით მოხდა, რასაც პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს არის ფასადური მიზეზი.
კუპრაძის თქმით, პარტიის წევრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით დავა სასამართლოში გაგრძელდება და ბოჭორიშვილების უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ქუთაისის ოფისი დაიცავს:
„ოპოზიციის მხარდამჭერებზე რეგიონებში აქტიურად გრძელდება ზეწოლა. ტყიბულში ჩვენი ორი დამფუძნებელი წევრი გათავისუფლდა საკრებულოს აპარატიდან. ეს არის პროცესი, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაიწყო დევნის და ძალადობის მიმართულებით.
საქმე ეხება ლაშა და ლერი ბოჭორიშვილებს, რომელთა გათავისუფლება მოხდა ყალბი და ფასადური რეორგანიზაციის მოტივით. ეს იყო პოლიტიკური დევნა, რომელსაც სასამართლოში გაეცემა პასუხი. ჩვენი პარტიის წევრები გააგრძელებენ ბრძოლას სასამართლოში და მათ უფლებებს დაიცავს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.