მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევს შეხვდა, სადაც ოფიციალური ცნობით, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
განსახილველ საკითხებს შორის იყო რუსეთსა და აფხაზეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თემები, უკრაინაში რუსეთის “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” [ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს].
როგორც რუსული გამოცემა Tass წერს, მედვედევმა ბჟანიას მადლობა გადაუხადა აფხაზეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებისა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის.
“საუბარი შეეხო ასევე სხვადასხვა სფეროში ორმხრივ ურთიერთობებს. მედვედევმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი ვითარდება და მისი საერთაშორისო პოზიციები მყარდება. რუსეთი მთლიანად ასრულებს საკუთარ თავზე აღებულ სამოკავშირეო ვალდებულებებს და აფხაზეთს სოციალურ-ეკონომიკურ და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველანაირ საჭირო დახმარებას უწევს”, – წერს გამოცემა tass უშიშროების საბჭოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ოფიციალური ცნობითვე, შეხვედრისას მედვედევმა ისაუბრა აფხაზური კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საფუძველზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთობლივი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის განხორციელებაზეც.
“მისი აზრით, ეს სერიოზული იმპულსი იქნება აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და რუსული ბიზნესისთვის მისი საინვესტიციო პოტენციალის გასახსნელად”, – წერს გამოცემა.
დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, საგარეო მინისტრი ინალ არძინბა და დე ფაქტო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი რობერტ კიუტი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით 27 ივლისს გაემგზავრნენ იმ ფონზე, როდესაც აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე დისკუსია მწვავე და აქტუალური გახდა.
მოსკოვში ვიზიტამდე კი ასლან ბჟანია აცხადებდა, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეფერხებამ, შესაძლოა, გააციოს აფხაზეთის რუსეთთან ურთიერთობები.