სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ციხიდან განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ „ეფ ეს ბეს“ გავლენის აგენტებს დავალებული აქვთ საქართველოში პატრიარქის ჩანაცვლება სასურველი კანდიდატით და მათ კავშირი აქვთ ქართულ სპეცსამსახურებთან.
გოგაშვილის მტკიცებით, სუს-ში ყოფნის პერიოდში და შემდეგაც, ცდილობდა ამ განზრახვისთვის ხელი შეეშალა და პრევენციულად ინფორმაცია ტელევიზიითაც გაახმიანა, თუმცა არ დაუსახელებია პატრიარქობის სავარაუდო კანდიდატები.
„პირველ კანდიდატად განიხილებოდა მეუფე შიო, რომელზეც ორივე მხარე მუშაობდა. მე ტელევიზიით არ გავაჟღერე ეს, იმიტომ, რომ მინდოდა, პირადად მეუფე შიო მენახა. 30 სექტემბერს, ინგა გრიგოლიასთან ჩემი ინტერვიუს შემდეგ, მე დავუკავშირდი მეუფე შიოს და მოვუყევი ყველაფერი, რომ ხდებოდა ამ ტიპის ჩარევა, მისი სახელის ხსენება, რომ ეს დააზიანებდა მასაც და ეკლესიასაც. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი აპირებდა გადადგომას კონკრეტულად [2021 წლის] 14 ოქტომბერს, ამის შესახებ მეუფე შიომაც დამიდასტურა და თქვა, რომ თვითონ შეწუხებული იყო და ასევე, ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლებასაც ამ დროისთვის არ აწყობდა პატრიარქის გადადგომა და მათ შეძლეს პატრიარქის გადარწმუნება“, — აცხადებს გოგაშვილი.
მისი თქმით, ეს ხდებოდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე.
„მეუფე შიოს მე აღუთქვი დახმარება და ყველა სახის ინფორმაციის გაზიარება, რაც მას ააცილებდა. მან მადლობა გადამიხადა და მას შემდეგ არ დამკავშირებია. უფრო ადრე, 2020 წელს, მე პირადად შევხვდი პატრიარქს და დეტალებში მოვუყევი მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების შესახებ და ამავე დროს დავანახე ჩემი მზაობა, შემეჩერებინა ეს ყველაფერი. მან ჩვეულებისამებრ ყველაფერი მოისმინა და მითხრა შემდეგი სიტყვები, რომელიც მე არასდროს არ დამავიწყდება: „იოსებ, შვილო, ნუ დაეჯახები მათ, დიდი შური იციან და ამისათვის არ მემეტები”, — აცხადებს გოგაშვილი.
გოგაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური აქტივობა და მხილების კამპანია დაიწყო, მეგობრული „რჩევა-გაფრთხილება” მიიღო შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისგან და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისგან, მაგრამ არ იცოდა, რომ მის წინააღმდეგ საქმე უკვე აღძრული ჰქონდათ.
„ასევე, მინდა შევეხო მეუფე იაკობის გაფრთხილებასაც, რის შესახებაც თეამ [გოგაშვილის ცოლი] შეცდომით თქვა დრო, ეს იყო არა 5-6 თვის წინ, არამედ წელიწად-ნახევრის წინ. მან გამაფრთხილა, რომ ხელისუფლება გეგმავდა ჩემს ლიკვიდაციას. ეს დავალებული ჰქონდა ქისტ „ქილერს” და ჩვენი მსჯელობის დროს, ამ ინფორმაციის განსჯის შედეგად, მივედი დასკვნამდე, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ, იმიტომ, რომ როგორც მან მითხრა, ეს „ქილერი” იმყოფებოდა პანკისში. მეუფეო, თქვენ ხართ ჩემი შვილიშვილის ნათლია და ამ ფაქტის უარყოფა და ართქმა დასანანია“, — მიმართავს გოგაშვილი მთავარეპისკოპოს იაკობს, რომელმაც გოგაშვილთნ მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაციის შესახებ საუბარი უარყო.
გოგაშვილის თქმით, საპატრიარქოს ტახტის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით სასაუბროდ მასთან შეხვედრა ითხოვა ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა.
„მე დავალებული მქონდა, მისთვის მიმეწოდებინა ყველა ინფორმაცია. მან თავისი მოსაზრება გამოთქვა სხვადასხვა მეუფეებთან დაკავშირებით, ახასიათებდა სხვადასხვანაირად ყველა მათგანს როგორც საკუთარ კომპანიაში დასანიშნ კანდიდატებს. მან მთავარი აქცენტი გააკეთა მეუფე შიოზე, რომ ის იყო ყველაზე მისაღები კანდიდატი, რომ ეს იყო შეთანხმებული უფროსთან“, — აცხადებს გოგაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს.