ახალი ამბებიეკონომიკა

გვენეტაძის მოლოდინით, ინფლაცია 3%-ს 2023 წლის ბოლოს მიაღწევს

27 ივლისი, 2022 •
გვენეტაძის მოლოდინით, ინფლაცია 3%-ს 2023 წლის ბოლოს მიაღწევს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მოლოდინით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს, 2023 წლის ბოლოს დაუბრუნდება.

კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი პროგნოზებს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე აკეთებს, ხოლო 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრამ გარკვეული ცვლილებები მოიტანა.

„მაგალითად, თუ ომამდე ვვარაუდობდით, რომ [2022 წლის] მეორე კვარტლიდან ერთციფრიანი ინფლაცია გვექნებოდა და მესამე-მეოთხე კვარტალში მიზნობრივს [3%-ს] დავუახლოვდებოდით, ეს, სამწუხაროდ, შეცვალა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეროვნულ ბანკში ვარაუდობენ, რომ „წლის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს დაახლოებით 9%-იანი ინფლაცია, საშუალო – 10%“.

„წლიური ინფლაციის შემცირება უფრო ნელი ტემპით მოხდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში, სხვა პერიოდში გვექნებოდა, რადგან სურსათის ფასები, ხორბლის ფასები, ბენზინის ფასები, არის ძალიან გაზრდილი და ამ შემთხვევაში ამას ის გამყარებაც არ ჰყოფნის, რაც ახლა გვაქვს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

„დიდი იმედი მაქვს, რომ რაიმე სხვა შოკი არ მოხდება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და გამოთქვა ვარაუდი, რომ 2023 წელს უნდა მოხდეს ინფლაციის შემცირების აქსელერაცია [ანუ ინფლაცია სწრაფად შემცირდეს], მეოთხე კვარტალში კი უნდა დაუბრუნდეს სამიზნე მაჩვენებელს.

მისი თქმით, ეს შეფასება არ არის მხოლოდ ეროვნული ბანკის შეფასება,- „მსოფლიო ბანკს, ADB-ს [აზიის განვითარების ბანკს], თითქმის ჩვენნაირი შეფასებები აქვთ. ასე რომ, რომ ვამბობთ, რომ თანაბარ პირობებში ნამდვილად შემცირდება, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ინფლაცია შემცირდება, თუმცა უნდა დავაკვირდეთ მოთხოვნის მხრიდან მომავალ ფაქტორებს“, – განაცხადა მან.

ამასთან, გვენეტაძემ განაცხადა, რომ საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო მალე დაიწყო ინფლაციამ ზრდა – „კურსის გამო, სუბსიდირექბის ეფექტის გამო“:

„სხვა ქვეყნებს თუ შევხედავთ, იქ ინფლაცია ახლა უფრო მაღალი ტემპით იზრდება, ვიდრე ჩვენთან. ჩვენ უკვე შემცირების გზაზე ვართ. ასე რომ, მნიშვნელოვანია, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შევინარჩუნოთ, სანამ არ დავინახავთ, რომ ეს ტრენდი არის შენარჩუნებადი“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი