ახალი ამბები

ხარკოვში ტრანსპორტის გაჩერებებთან ბომბსაფრები აშენდება — მერია

27 ივლისი, 2022 •
ხარკოვში ტრანსპორტის გაჩერებებთან ბომბსაფრები აშენდება — მერია

ხარკოვის მერია მოქალაქეებს ჰპირდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან ბომბსაფრებს ააშენებს. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, შესაბამისი წერტილები უკვე მონიშნულია.

“უკვე გამოვყავით 25 ადგილი, სადაც პირველ რიგში დამონტაჟდება [ბომბსაფრები] — ტროლეიბუსების, ავტობუსების და ტრამვაის ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე.

ეს იქნება რკინაბეტონის კონსტრუქციები, რომლებიც განთავსებული იქნება გაჩერებების მოსაცდელებთან”, — ციტირებს მერს გამოცემა “უკრაინსკა პრავდა”.

ტერეხოვის მიხედვით, საარტილერიო ცეცხლის საფრთხის შემთხვევაში მოქალაქეებს შეეძლებათ კონსტრუქციების შიგნით დამალვა და დაცდა, სანამ საფრთხე გადაივლის.

“ასეთი თავშესაფრები არის, მაგალითად, ისრაელში. ისინი ეფექტურნი არიან ჭურვებისა და ნამსხვრევებისგან დასაცავად”, — ამატებს ქალაქის მერი.

როგორც “უკრაინსკა პრავდა” წერს, ხარკოვი თითქმის ყოველდღე ექცევა ცეცხლის ქვეშ. გამოცემა მიუთითებს, რომ რუსეთთან და ფრონტის ხაზთან სიახლოვის გამო, ზოგჯერ მოწინააღმდეგის მიერ ნასროლი ჭურვები განგაშის სისტემების ამოქმედებამდე ფეთქდება.

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. არაერთი უკრაინული ქალაქი მიწასთან არის გასწირებული, დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი