პოლონეთი უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების ჩასანაცვლებლად 1000-მდე ტანკს, 600-ზე მეტ საარტილერიო მოწყობილობას და 50-მდე სამხედრო თვითმფრინავს სამხრეთ კორეისგან შეიძენს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ვარშავა კორეული წარმოების K2 მარკის 980 ტანკს, 648 ეთერულ K9 მარკის ჰაუბიცას და 48 FA-50 მოდელის საბრძოლო თვითმფრინავს ყიდულობს. CNN-ის თქმით, ამ დროისთვის უცნობია შესყიდვის ზუსტი ღირებულება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტანკების პირველი პარტია, რომელიც 180 ერთეულ მოდელს მოიცავს, პოლონეთში წელსვე ჩავა, დარჩენილი 800 ტანკის წარმოება კი 2026 წლისთვის დაიწყება. რაც შეეხება ჰაუბიცებს, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 48 ერთეულის მიღებას წელსვე გეგმავენ, მეორე პარტიის მიწოდება კი, რომელიც 600 ერთეულ შეიარაღებას გულისხმობს, 2024 წლიდან დაიწყება.
სამინისტროს თქმით, საბრძოლო შეიარაღების ნაწილი ჩაანაცვლებს საბჭოთა წარმოების ტანკებს, რომელიც პოლონეთმა უკრაინას გადასცა რუსეთის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეიარაღება მნიშვნელოვნად გაზრდის პოლონეთის თავდაცვისუნარიანობას და გააძლიერებს ქვეყნის არმიას.
გამოცემა მწარმოებელსაც დაუკავშირდა, რომელმაც პოლონეთი აღნიშნული შეიარაღებით უნდა მოამარაგოს. CNN-ის თქმით, კომპანიაში განუცხადეს, რომ პოლონეთთან დადებული ხელშეკრულება ყველაზე მოცულობითია, რაც აქამდე გაუფორმებიათ.