ახალი ამბები

მთავრობას „უსინათლოთა კავშირის“ საკითხზე საკოორდინაციო კომიტეტის მოწვევისკენ მოუწოდებენ

27 ივლისი, 2022 • 712
მთავრობას „უსინათლოთა კავშირის“ საკითხზე საკოორდინაციო კომიტეტის მოწვევისკენ მოუწოდებენ

შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრმა შშმ პირებმა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა საქართველოს „უსინათლოთა კავშირში“ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებით მთავრობას მიმართეს და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, კონსტრუქციული ფორმით კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობისკენ მოუწოდეს.

განცხადების ხელმომწერები აცხადებენ, რომ სიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე, მიმართავენ მთავრობას, მოიწვიოს საკოორდინაციო კომიტეტის რიგგარეშე სხდომა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება კავშირში შექმნილი სიტუაცია და შეჯერდება გამოწვევების დაძლევის მოკლე და გრძელვადიანი გეგმა/ხედვა.

ხელმომწერების თქმით,„უსინათლოთა კავშირის“ სათაvო ოფისში კავშირის კულტურის ცენტრის გათავისუფლებული თანამშრომლების შიმშილობა უკვე 27-ე დღეა მიმდინარეობს. ისინი პროტესტის შეწყვეტის გზას ხედავენ დაკავებულ თანამდებობებზე 13 თანამშრომლის დაუყოვნებლივ აღდგენაში, საქართველოს უსინათლოთა კავშირში დემოკრატიული მმართველობის შესაძლებლობის შექმნასა და განხორციელებაში:

„შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრები მოგმართავთ განცხადებით ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ უსინათლოთა კავშირის სათავო ოფისის ტერიტორიაზე 24-ე დღეა მიმდინარეობს ააიპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის გათავისუფლებული თანამშრომლობის შიმშილობა. ისინი უთითებენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის მიერ ცენტრის თანამშრომლების (დირექტორი და 11 თანამშრომელი) უკანონო გათავისუფლების გამო მიმართეს.

ისინი პროტესტის შეწყვეტის გზას დაკავებულ თანამდებობებზე თანამშრომლების დაუყოვნებლივ აღდგენაში, საქართველოს უსინათლოთა კავშირში დემოკრატიული მმართველობის შესაძლებლობის შექმნასა და განხორციელებაში ხედავენ. იმავე მოთხოვნით პროტესტს განაგრძობს გიორგი ენუქიძეც, რომელიც უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და რომლის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით კავშირს მყარად უარყოფითი პოზიცია აქვს“ ,- აცხადებენ განცხადების ავტორები.

განცხადების ავტორების თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11(4) მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3(2) მუხლის თანახმად კი, განცხადების ავტორების თქმით, „სახელმწიფო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების მიზნით, იღებს შესაბამის ზომებს.

„სახელმწიფო მხარს უჭერს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომელიც ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და მორგებულია მათ საჭიროებებზე“, ამავე კანონის მე-11 მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, დაიცვას და ხელი შეუწყოს შშმ პირთათვის შრომის უფლების რეალიზაციას, ხოლო მე-14 (4) მუხლის მიხედვით, „სახელმწიფო ხელს უწყობს ისეთი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების საქმიანობას, რომელთა ძირითადი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება და დაცვა, აგრეთვე, რომელთა მმართველობის პროცესში ჩართულ პირთა უმრავლესობას წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან/და მათი კანონიერი წარმომადგენლები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ ამასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-4 და 27-ე მუხლები ხაზს უსვამს სახელმწიფოთა ვალდებულებას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შშმ პირთა მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას, მათ შორის, შრომის უფლების განხორციელებას:

„მეორე მხრივ, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი ითვალისწინებს შშმ პირთა ორგანიზაციების მიმართ სახელმწიფოთა ვალდებულებების ფართო სპექტრს. მაგალითისთვის, კომიტეტი თავის N 7 ზოგად კომენტარში მიუთითებს, რომ შშმ პირთა ორგანიზაციები უნდა ეფუძნებოდეს, ითვალისწინებდეს და სრულად სცემდეს პატივს კონვენციით აღიარებულ პრინციპებსა და უფლებებს (პარ. 11).

კომიტეტის მიხედვით, სახელმწიფოებმა უნდა შექმნან შშმ პირთა ორგანიზაციების ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობი გარემო (პარ. 94) და დანერგონ ისეთ მექანიზმები, რომლებიც აღკვეთს შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირების ინტერესთა კონფლიქტს, ასევე, მათ უარყოფით ზემოქმედებას შშმ პირთა ავტონომიაზე, სურვილებსა და პრიორიტეტებზე (პარ. 52). კომიტეტი ასევე მიუთითებს სახელმწიფოთა ვალდებულებაზე, შექმნან შშმ პირებთან კომუნიკაციის მრავალფეროვანი მექანიზმები, მათ შორის, მონაწილეობითი დიალოგების, საჯარო მოსმენების, მრგვალი მაგიდების ფორმით (პარ.94)“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერების თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის წესდების მიხედვით, კომიტეტი შშმ პირთა უფლებების კონვენციის, ადგილობრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო დონეზე არსებული სტანდარტების აღსრულებაზეა პასუხისმგებელი. ამავე წესდების თანახმად, კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, იმართება წელიწადში ორჯერ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარეს/თანათავმჯდომარეს (რომლებიც ხელმძღვანელობენ და წარმართავენ კომიტეტის საქმიანობას) უფლება აქვს, მოიწვიოს კომიტეტის რიგგარეშე სხდომა .

საქართველოს „უსინათლოთა კავშირში“ შექმნილი ვითარების სიმწვავიდან გამომდინარე და მოშიმშილე ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად განცხადების ავტორებს უმნიშვნელოვანესად მიაჩნიათ ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს მისცემს შესაძლებლობას, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, გაცვალოს მოსაზრებები და იპოვოს არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლებლობა.

ხელმომწერების თქმით, ამგვარი სივრცის შექმნა სწორედ უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის ფარგლებში უნდა მოხდეს, რის საფუძველსაც ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო დონეზე არსებული სტანდარტები/რეკომენდაციები იძლევა.

„შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, მოიწვიოთ კომიტეტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით განხილული იქნება კავშირში შექმნილი სიტუაცია და შეჯერდება გამოწვევების დაძლევის მოკლე და გრძელვადიანი გეგმა/ხედვა“, – აცხადებენ განცხადების ავტორები.

უწყებათაშორისი კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს ხელმომწერი ორგანიზაციები და საკონსულტაციო საბჭოს არაწევრი ორგანიზაციები/აქტივისტები:

  • პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO);
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი;
  • საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია;
  • ერთად რეალური ცვლილებებისათვის;
  • სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია;
  • ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step;
  • შშმ ქალთა ალიანსი;
  • გიორგი ენუქიძე;
  • მაია შიშნიაშვილი;
  • ნათია გოგოლაშვილი;
  • ნათია გოგელაშვილი;
  • თეა ჩანადირი;
  • რამინ მაჭარაშვილი.

რამდენიმე კვირის წინ უსინათლოთა კავშირიდან 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული თანამშრომლების თქმით, ისინი ხელმძღვანელობამ სწორედ მათი კრიტიკული მოსაზრებების გამო გაუშვა. სამი ყოფილი თანამშრომელი მეოცე დღეა, რაც კავშირის შენობაში შიმშილობს, მათ შორისაა 9 აპრილის მონაწილე ლელა ვეფხვაძე, რომელიც წელს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა.

მოშიმშილეები ითხოვენ უსინათლოთა კავშირის მიერ დაფუძნებული კულტურის ცენტრის დირექტორის, ცირა ვეფხვაძის და კიდევ 12 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებას.

კავშირის წევრების თქმით, უსინათლოთა კავშირის ბალანსზე არსებული ქონება და შემოსავლები არამიზნობრივად განიკარგება.  მაგალითად, უსინათლოთა კავშირიდან გათავისუფლებული თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გიორგი ენუქიძე „ნეტგაზეთთან“საუბარში ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირებმა გააპროტესტეს უსინათლოთა კავშირის ქონების არამართებული გასხვისება.

მასალების გადაბეჭდვის წესი