ახალი ამბები

მელია: დღევანდელი ენმ განსხვავებულია, შეცდომებზე ნასწავლი აქვს

26 ივლისი, 2022 • 863
მელია: დღევანდელი ენმ განსხვავებულია, შეცდომებზე ნასწავლი აქვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „მთავარი“ არხის ეთერში პარტიის ელექტორატის გაფართოებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც წარსულში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ, ახლა კი ენმ-ის პოტენციური მოკავშირეები არიან.

მელიას თქმით, ამგვარ ამომრჩევლებს ენმ-ის მიერ დაშვებულ შეცდომებზე გულწრფელად უნდა ესაუბრონ და დაარწმუნონ, რომ პარტიამ საკუთარ შეცდომებზე ისწავლა:

„წარმოუდგენელი რამ დაემართა „ქართულ ოცნებას“. გააზრებულმა ამომრჩეველმა მიატოვა ქართული ოცნება, როცა დაინახა, რომ ისინი პროევროპულები აღარ არიან. ამას ისინი ოსტატურად ნიღბავდნენ და ვერავინ ვარწმუნებდით ფართო საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომ რეალურად ხდება ის, რაც ახლა ხდება. ეს პრობლემა როგორც კი დაინახა ქართული ოცნების ამომრჩეველმა, ჩვენი პოტენციური მოკავშირეები გახდნენ.

როგორ უნდა მოვიმხროთ ეს ადამიანები, როგორ უნდა გადავდოთ პარტიული ამოცანები გვერდით, როცა ამ ადამიანებს ვესაუბრებით… მე თუ ამ ამომრჩეველთან, რომელიც გუშინ „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, დღეს კი ჩემთან ერთად იბრძვის, ვეტყვი, რომ ენმ-ის ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი იყო, ამ ადამიანს ვერასოდეს გავიხდით მოკავშირედ.

ჩვენ უნდა ვუთხრათ – დიახ, ენმ როდესაც იყო ხელისუფლებაში, გიჟდებოდა მონა მოსამართლეებზე, ჭკუა ეკეტებოდა. ეს იყო პრობლემა. ეს მინდა გაიგოს ყველა ჩვენმა პოტენციურმა მოკავშირემ, რომ დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა განსხვავებულია და საკუთარ შეცდომებზე ნასწავლი აქვს. დღეს რომ კიდევ ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში და საარჩევნო სისტემით ახერხებდა ფონს გასვლას და პროპორციულ სისტემას ვერ ვეღირსეთ, მინდა ქართული ოცნების ყოფილ ამომრჩეველს ვუთხრა – დიახაც, ენმ-მ პირველი მოსმენით კენჭი უყარა პროპორციულ სისტემას, მაგრამ მეორე მოსმენით აღარ უყარა იმიტომ, რომ თქვეს, ოპოზიციამ აღარ მოგვიგოსო“, – აცხადებს ნიკა მელია „მთავარ არხთან“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი