„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიზანია, არ დაუშვას დეპოლარიზაცია, კიდე უფრო გახლიჩოს საზოგადოება და დააშოროს საქართველო დასავლეთს.
ნიკა მელია გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფას.
„დღეს გაირკვა, სინამდვილეში რამ გააცოფა გუშინ კობახიძე. როგორც ვხედავთ, მას არც მამა აღელვებდა, არც მამული. დუჟი, რომელსაც ის ახსენებს, თავად სდის და სდის ერთადერთი რამის გამო — არ დაუშვას დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში. უარესად გახლიჩოს და დააპირისპიროს საზოგადოება, რომ როგორმე საქართველო საბოლოოდ დააშოროს დასავლეთს, ამოაგდოს ისტორიის დინებიდან და რუსეთის იმპერიის რიყეზე საფართხალოდ გასწიროს“, — წერს მელია Facebook-ში.
მისი თქმით, დღეს აქტუალური არ არის, რას აკეთებდა კობახიძის მამა თუ მამიდამისი, არამედ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კობახიძის და მისი მსგავსების — კაგებეს ბინძური დირექტივების დღევანდელი შემსრულებლების ხელისუფლებიდან სასწრაფოდ ჩამოშორება, ვიდრე არ მოუსწრიათ და უფსკრულში არ გადავუჩეხივართ“.
„არახამიას, რომელმაც კობახიძის მამის მისამართით თქვა ის, რაც თქვა, მინდა ვუთხრა, რომ ამ გადასახედიდან ირაკლი კობახიძის მამა შვილთან შედარებით უმანკო კრავად გამოიყურება. კაგებეს იშვიათად თუ ჰყოლია აქ ასეთი აღვირახსნილი და შუბლისძარღგაწყვეტილი ემისარი“, — აცხადებს მელია.
ორშაბათს, 25 ივლისს, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან მამამისის შესახებ დასმულ შეკითხვაზე – არის თუ არა გია კობახიძე „კაგებეშნიკი“, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უთხრა:
„კაგებეშნიკი არის მამათქვენი… სახე დაკარგე. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე… ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც. შენს ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო… შენ ხარ [დავით] არახამია… როგორც ის არ არის კაცი, ასევე შენ არ ხარ ქალი… გადი ახლა აქედან… ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე…“
ირაკლი კობახიძის მამის, გია კობახიძის „კაგებესთან“ თანამშრომლობის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, არ იცოდა, ვინ იყო ირაკლი კობახიძე, ინფორმაციის მოძიების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა „კაგებეშნიკია“. სწორედ ამასთან დაკავშირებით უსვამდა ირაკლი კობახიძეს კითხვას „მთავარი არხის“ ჟურნალისტი.
მეორე დღეს, 26 ივლისს, კობახიძემ, ნაცვლად ბოდიშის მოხდისა, „ფეისბუკზე“ იგივე რიტორიკა გააგრძელა: დაწერა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა „სიბინძურე იკადრა“, „ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა“.
კობახიძე ბოდიშს არ იხდის და ზურაბიშვილს „პავლიკ მოროზოვს“ უწოდებს