ახალი ამბები

არახამიას სანქციებს უკრაინელი ხალხი გამოუტანს, ყველაფრის გამო, რაც უკრაინას მოუტანა – კობახიძე

25 ივლისი, 2022 •
არახამიას სანქციებს უკრაინელი ხალხი გამოუტანს, ყველაფრის გამო, რაც უკრაინას მოუტანა – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერ დავით არახამიას არაკაცს უწოდებს და ამბობს, რომ მას “სანქციებს უკრაინელი ხალხი გამოუტანს იმ ყველაფრის ფონზე, რაც მან მოუტანა უკრაინას”.

ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 25 ივლისს ჟურნალისტებთან განაცხადა:

“მე მგონი, ერთადერთი, ვის მიმართაც ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მან უკრაინას მოუტანა… არახამია ძალიან ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი და ამ ყველაფერს, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხი შეაფასებს. არახამია არ არის კაცი… არახამია არის არაკაცი”, – განაცხადა კობახიძემ.

დავით არახამიამ “მთავარ არხთან” ინტერვიუში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, საქართველოზე ისაუბრა და თქვა, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ევროპა სანქციებს დაუწესებს, რის შემდეგაც ის “წავა იქ, სადაც მთელი ცხოვრება ფულს აკეთებდა – რუსეთში”. ამასთან, მან თქვა, რომ სანქციები ემუქრება როგორც ივანიშვილს, ასევე მის გარემოცვასაც.

მან ასევე ისაუბრა ირაკლი კობახიძეზეც. არახამიას თქმით, არ იცოდა, ვინ იყო კობახიძე, ინფორმაციის მოძიების შემდეგ კი ნახა, რომ კობახიძის მამა “კაგებეშნიკია”. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მთავარი არხის” ჟურნალისტმა კობახიძეს მედიასთან საუბრისას დაუსვა შეკითხვა, რაზეც კობახიძემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა:

“კაგებეშნიკი არის მამათქვენი… სახე დაკარგე. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე… ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც. შენს ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო… შენ ხარ [დავით] არახამია… როგორც ის არ არის კაცი, ასევე შენ არ ხარ ქალი… გადი ახლა აქედან… ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე…”, – უთხრა ჟურნალისტს ირაკლი კობახიძემ.

მომხდარის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარის მისაცემად გამოვიდა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძეც, რომელმაც კობახიძე გაამართლა და ჟურნალისტებს “კრემლის სასარგებლო იდიოტები” უწოდა:

“მეც მიმძიმს ამ თქვენი მძიმე პროვოკაციების მოთმენა, მაგრამ ვითმენ შეძლებისდაგვარად. ირაკლიმაც მოითმინა შეძლებისდაგვარად. ათჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა. თქვენ იმდენად მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეთ…

მე რომ გითხრათ ახლა, რომ თქვენ ხართ კრემლის სასარგებლო იდიოტი, ეს სწორია თუ არასწორია. მე ასე მგონია და აქამდე არ გეუბნებოდით”, – მიმართა ჟურნალისტებს მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი