ახალი ამბები

VTB ბანკის შესყიდვაზე ოფიციალურად ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა — სები

25 ივლისი, 2022 •
VTB ბანკის შესყიდვაზე ოფიციალურად ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა — სები

საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება VTB BANK Georgia-ს შესყიდვასთან გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით ამ დროისთვის მათთან არ შესულა არცერთი მოთხოვნა. ამის შესახებ განცხადება სებ-მა დღეს, 25 ივლისს განაცხადა.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ “ვითიბი ბანკის” ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

გამომდინარე იქიდან, რომ ვითიბი ბანკი არის სანქცირებული აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე”, – წერს სები.

დღეს, 25 ივლისს გამოცემა BM.GE-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ VTB BANK Georgia-ს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდულობს.

დავით ხიდაშელი ბიზნესმენია, რომელიც „კარტოგრაფების საქმეში“ ფიგურირებს, როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა საქმე ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ, შემდეგ კი-მათი დაკავება.

თავის ბოლო ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხიდაშელს მოიხსნეიებდა როგორც ქველმოქმედსა და გმირს და ამბობდა, რომ მას ხიდაშელის “ვალი მიჰყვება”.

დავით ხიდაშელის სახელი ფიგურირებს 25 აპრილს youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერშიც, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი მისი მეგობარია.

ამასთან, მიმდინარე წელს ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი