ახალი ამბები

“რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა” — აქცია თბილისში

25 ივლისი, 2022 •
“რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა” — აქცია თბილისში

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 24 ივლისს თბილისში, პარლამენტის შენობასთან,. აქციაზე, სახელწოდებით “რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა”. აქციაზე მიიტანეს  ბავშვების ფეხსაცმელები და სხვადასხვა შინაარსის პლაკატები.

დემონსტრაციის მონაწილეთა შორის იყვნენ უკრაინელი და ქართველი აქტივისტები, ასევე, პარტია “დროას” და “ახალგაზრდული ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. შეკრება ომის დაწყების 5 თვისთავთან დაკავშირებით დაიგეგმა.

“ყოველდღე მთელი ცივილიზებული სამყარო ხედავს, როგორ იღუპება ათასობით უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა, როგორ იწვის ქალაქები და სოფლები, როგორ ხდება გენოციდი და ნადგურდება ჩვენი ცხოვრება.

უკვე ხუთი თვეა, რუსეთი მიზანმიმართულად და სასტიკად ანადგურებს და ატერორებს უკრაინას, იპყრობს ქალაქებს, აწამებს მოქალაქეებს, კლავს ბავშვებს”, — აღნიშნეს აქციის ორგანიზატორებმა.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან. 24.07.22 ფოტო: არტემ მონახოვი 

უკრაინის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან. 24.07.22 ფოტო: არტემ მონახოვი 

“პუტინი კლავს მომავალს”, “შეაჩერეთ პუტინი”, “არა ომს! არა ფაშიზმს!”, “ხელები შორს უკრაინისგან” — ეწერა აქციის მონაწილეთა პლაკატებზე. ზოგიერთ მათგანს რუსეთის მიერ დაბომბილ ქალაქებში გადაღებული ფოტოებიც ეჭირა ხელში.

“მილიონობით უკრაინელი იძულებულია დატოვოს თავისი სახლი, გაურბის რუსულ რაკეტებსა და საჰაერო ბომბებს. ათასობით ბავშვი ვეღარასოდეს ნახავს მშობლებს, ათასობით დედა ვეღარ დაელოდება შვილებს.

უკრაინელებს სჭირდებათ მხარდაჭერა და საკუთარი სიცოცხლის დაცვა აგრესორ სახელმწიფოსგან, ტერორისტულ სახელმწიფოსგან. რუსეთი აწამებს და კლავს ტყვეებს, ძალადობს მშვიდობიან მოსახლეობაზე, იტაცებს ადამიანებს, არღვევს ჟენევის კონვენციას”, — ეწერა აქციის ანონსში.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან. 24.07.22 ფოტო: არტემ მონახოვი 

უკრაინის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან. 24.07.22 ფოტო: არტემ მონახოვი 

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. არაერთი უკრაინული ქალაქი მიწასთან გასწორდა და დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

ამჟამად რუსეთი სრულად აკონტროლებს ლუგანსკის ოლქს. ასევე, ხერსონის ოლქის დიდ ნაწილს. რუსული ჯარები იკავებენ ზაპოროჟიის, დონეცკისა და ხარკოვის ოლქების ნაწილსაც.

რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკვე დაიწყო რუსული პასპორტების გაცემა. ასევე, მიმოქცევაში შევიდა რუსული რუბლი.

ბოლო კვირებში უკრაინა გარკვეულ წარმატებებს აღწევს ხერსონის რეგიონში. გასული კვირის ბოლოს რეგიონის თავმჯდომარის თანაშემწემ, სერგეი ხლანმა თქვა, რომ უკრაინა ოკუპირებული ხერსონის უკან დაბრუნებას სექტემბრისთვის ელის.

უკრაინა ხერსონის სრულ გათავისუფლებას სექტემბრისთვის ელის

მასალების გადაბეჭდვის წესი