საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმას გმობს. მისი თქმით, რუსეთის ამ ქმედებამ აჩვენა, რომ ის საკუთარ სიტყვებსაც არ ანიჭებს მნიშვნელობას.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს, 23 ივლისს Twitter-ზე დაწერა:
“ოდესის დაბომბვა, იმ შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ, რომელსაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი უნდა უზრუნველეყო, ძალადობაა და უნდა დაიგმოს.
ეს აჩვენებს, რომ რუსეთი არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც თავის სიტყვებს და არც გლობალურად ჰუმანიტარულ და მიწოდებასთან დაკავშირებულ ვითარებას”, – დაწერა ზურაბიშვილმა.
The bombing of Odesa, just one day after an agreement was meant to secure grain exports from Ukraine, is an act of violence that must be condemned.
This shows that Russia pays no importance either to its own word or to the global humanitarian and supply situations.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) July 23, 2022
უკრაინის ცნობით, დღეს, 23 ივლისს რუსეთმა ოდესას 4 რაკეტა ესროლა, მათ შორის 2 მათ შორის ორი უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს, ორი კი ოდესის პორტს მოხვდა.
Unian-ის ცნობით, აგრარული პოლიტიკის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ რუსული რაკეტების თავდასხმისას ოდესის პორტიდან მარცვლეულის გაგზავნას გეგმავდნენ. პრესსამსახურის ცნობით მარცვლეული ხვალ ან ზეგ უნდა გაგზავნილიყო.
გუშინ, 22 ივლისს უკრაინამ თურქეთთან და გაეროსთან ხელი მოაწერა შეთანხმებას შავი ზღვის რეგიონიდან ხორბლის ექსპორტის გაგრძელების თაობაზე. ომის დაწყების შემდეგ, რუსული აგრესიისა და პორტების ბლოკირების გამო, უკრაინა ვერ ახერხებდა ხორბლის ექსპორტს.
ოდესის პორტზე თავდასხმის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმა ვლადიმერ პუტინის მხრიდან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის და გაეროს გენერალურ მდივან ანტონი გუტერეშისთვის “სახეში შეფურთხებაა”.
სწორედ ისინი შუამდგომლობდნენ ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს.
უკრაინა, რუსეთთან ერთად, მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია.
მას შემდეგ, რაც ომისა და სანაოსნო გზების ბლოკირების გამო უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი შეწყდა, მსოფლიოში საკვების ფასები მკვეთრად გაიზარდა.
მნიშვნელოვანი სასურსათო კრიზისის წინაშე დადგნენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც მანამდეც დიდი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე იდგნენ.