ახალი ამბები

ივანიშვილი მოითხოვდა დავალებების შესრულებას, რასაც თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი – გოგაშვილი

23 ივლისი, 2022 •
ივანიშვილი მოითხოვდა დავალებების შესრულებას, რასაც თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი – გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მისგან “ყველანაირი დავალების” შესრულებას მოითხოვდა, რასაც “თეთრი ხელთათმანებით” ვერ გააკეთებდა. ამის შესახებ მან ფეისბუკზე გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრა. წერილის ნამდვილობა “ნეტგაზეთს” ყოფილი მაღალჩინოსნის შვილმა ნინო გოგაშვილმა დაუდასტურა.

“დანიშვნის შემდეგ, როდესაც გახშირდა უკანონო დავალებები, მივხვდი, თუ რა სისტემაში აღმოვჩნდი, ამიტომ დავდექი არჩევანის წინაშე. ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი. მქონდა სამი არჩევანი:

1. სამსახურიდან წამოსვლა
2. ყველაფერზე ხელის მოწერა და ჩაყოლა
3. დარჩენა, ყველა მტკიცებულების მოგროვება და სისტემის მხილება, რომელიც, ხვდებით რომ ავირჩიე და ამიტომ ვზივარ აქ.

ვინც მე მაკრიტიკებთ თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ. ახლა დროის კარგვის ნაცვლად, ჯობია ეს ბინძური სისტემა დავამთავროთ და ჩემს დასჯას ყოველთვის მოახერხებთ, არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან არსად წასვლას”, – წერს გოგაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია 16 ივლისს, გვიან ღამით ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი