ახალი ამბები

“პოლიტიკური დოსიეები საჯარო მოხელეებზე” – გოგაშვილის ფაილები

21 ივლისი, 2022 •
“პოლიტიკური დოსიეები საჯარო მოხელეებზე” – გოგაშვილის ფაილები

არასამთავრობო ორგანიზაციებმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც მათი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებს ეყრდნობა.

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობდა სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში არსებულ ზოგად მდგომარეობასა და თანამშრომლების პოლიტიკურ განწყობებს.

მსგავს სამსახურებს შორის იყო სკოლები, ბაღები, თბილისის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და სხვადასხვა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები.

ანგარიშის მიხედვით ერთ-ერთი დოკუმენტი შემდეგ შეფასებას შეიცავდა:

“არსებული ინფორმაციით, ვაკის და საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე განთავსებულ საჯარო სამსახურებში მოქმედ ხელისუფლებას მხარს უჭერს დასაქმებულთა 60-65%. დღეის მდგომარეობით, განათლების სამინისტრომ დაიწყო ცნობაში ასახული ოპოზიციურად განწყობილი დირექტორების გათავისუფლების პროცესი, რაც ამ მომენტისთვის მიმდინარეობს”.

ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგების, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელებისა თუ სხვა პირების უარყოფითი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ გამოიხატებოდა რამდენიმე კრიტერიუმით. მათ შორის, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან მეგობრული ან სხვა ტიპის კავშირებით, ასევე, მათ მიერ საჯაროდ გამოხატული პოზიციით ქვეყანაში ან განათლების სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

ანგარიშის თანახმად, სუსი ასევე სწავლობდა საჯარო სამსახურებში დასანიშნ კანდიდატთა “პოლიტიკურ სანდოობასაც”. სიაში მოცემული იყო კონკრეტული პირების პირადი ნომრები და მისამართები, რასაც თან ერთვოდა მიმართვის ტექსტებიც, საიდანაც სიის შედგენის მიზანი – მმართველი პარტიის მიმართ ამ პირების ლოიალობის შესწავლა იკვეთებოდა.

მოცემულ ფოტოზე ნაჩვენებია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასანიშნი კანდიდატების სიის ფრაგმენტი, რომელშიც, როგორც ჩანს, გადამოწმების შემდეგ შეფასების გრაფები შეავსეს და გაუგზავნეს საჯარო რეესტრს. მაგალითად, ერთ-ერთი კანდიდატის უარყოფითი შეფასების მიზეზად მითითებულია, რომ 2018 წელს მას უფიქსირდება სახელფასო ანაზღაურება პარტია „ევროპული საქართველოდან“. – განმარტება ანგარიშიდან.

ანგარიშის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასანიშნი კანდიდატების გადამოწმების მიზნით, სავარაუდოდ, სუს-ში 49 პირის მონაცემები გაიგზავნა, საგარეო საქმეთა სამინისტროში – 74 პირის მონაცემები, ხოლო იუსტიციის სამინისტროში – 5 პირის.

სუს-ში ასევე გაგზავნილი იყო იმ პირების მონაცემებიც, ვინც მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში. კონკურსში გამარჯვებულს 6 თვემდე ვადით სტაჟირება უნდა გაევლო სახელმწიფო უწყებებში.

დოკუმენტის მიხედვით, კონკურსის შედეგად 44 პირი შეირჩა, რომელთაგან სამი პირის მონაცემი გამოიყო და მათი შეფასება იყო მოთხოვნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი