ახალი ამბები

მართვის მოწმობები ხმების სანაცვლოდ — რა წერია ISFED-ისა და TIG-ის ანგარიშში

21 ივლისი, 2022 • 809
მართვის მოწმობები ხმების სანაცვლოდ — რა წერია ISFED-ისა და TIG-ის ანგარიშში

ორი არასამთავრობო ორგანიზაცია — „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „სამართლიანი არჩევნები“ — სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მათთვის გადაცემულ მასალებზე დაყრდნობით ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ხმების მობილიზებას მათ შორის შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნების დაპირებითაც ცდილობდა.

ორგანიზაციების თანახმად, მათ გადაამოწმეს გოგაშვილის მიერ მათთვის გადაცემული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გაასაჯაროვეს ანგარიში.

ანგარიშის თანახმად, ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემა შემდეგნაირად მუშაობდა:

2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით ათამდე სხვადასხვა ელექტრონული ფოსტის მისამართიდან, რომელიც გოგაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” რეგიონულ შტაბებს ეკუთვნოდა, ინფორმაცია სამ მისამართზე იგზავნებოდა: taso.butkhuzi@gmail.com, turqiadavid@gmail.com, gd.reg41@gmail.com.

აღნიშნული მეილებიდან ინფორმაცია თავს იყრიდა ერთ მეილზე securgd@gmail.com, საიდანაც ნაწილდებოდა ორ ელექტრონულ მისამართზე: gpataridze@justice.gov.ge-ზე და akhojevanishvili@yahoo.com-ზე.

გოგაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მეილები ეკუთვნოდა იუსტიციის იმდროინდელ მინისტრის მოადგილეს გიორგი პატარიძესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის იმდროინდელი უფროსს ალექსანდრე ხოჯევანიშვილს.

ორგანიზაციები საერთო ანგარიშში აცხადებენ, რომ პარტიის სასარგებლოდ ხმების მობილიზების სანაცვლოდ, „ქართული ოცნება“ მოქალაქეების შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენის საქმეს უწევდა ორგანიზებას.

„2018 წლის ოქტომბერი – 2019 წლის იანვრის შუალედში securgd@gmail.com-დან, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსთან, ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან იმ 900-მდე პირის სია გაიგზავნა, ვისაც შეჩერებული ან ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება“, – წერია ანგარიშში.

ე.წ. „სქრინშოთი“ კვლევიდან, სადაც ჩანს, თუ როგორ ითხოვს ცხრილის შემდგენელი მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული მოწმობების აღდგენას. შენიშვნის ველში წერია, რომ ისინი მას სოფელ გლდანში ეხმარებიან.

კვლევაში შესულია შემთხვევაც, სადაც მოთხოვნილია, თუ როგორ სთხოვს პირი პარტიას მართვის უფლების დაბრუნებისთვის აუცილებელი დინამიკური-ნარკოლოგიური შემოწმების გვერდის ავლაში დახმარებას, პარტია კი ამ თხოვნას შსს-ს მაღალჩინოსანს უგზავნის.

გარდა მართვის მოწმობის დაბრუნება/აღდგენისა, დოკუმენტებში ირკვევა, რომ რიგ შემთხვევებში ასევე მოთხოვნილი იყო ჯარიმების გაუქმება და ნასამართლეობის გაქარწყლება.

„სრული სქემის მასშტაბი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ მეთოდებით არჩევნების პროცესში ჩარევის შედეგად შესაძლებელი იყო ამომრჩევლის ხმის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მასშტაბური მობილიზება“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს, სავარაუდოდ, ასევე სთავაზობდნენ:

  • პირობითი მსჯავრის გაუქმებას,
  • შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას,
  • მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას),
  • სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას,
  • წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ

ასევე ნახეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი