ახალი ამბები

ხელისუფლებისგან აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე თავდასხმა არ ყოფილა — თალაკვაძე

21 ივლისი, 2022 • 848
ხელისუფლებისგან აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე თავდასხმა არ ყოფილა — თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე თავდასხმა არც არასდროს ყოფილა და მომავალშიც გამორიცხულია.

ამის შესახებ მან განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაზე კომენტირებისას. ნედ პრაისის შეფასებით, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე პერსონალური თავდასხმები პარტნიორულ ურთიერთობებთან შეუსაბამოა.

არჩილ თალაკვაძის თქმით კი, სინამდვილეში პარტნიორი ქვეყნების ელჩებს თავს ესხმიან „რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენლები, რომელთაც ამის გადაბრალება ახლა „ქართულ ოცნებაზე“ სურთ.

„საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლის მხრიდან  არ ყოფილა თავდასხმა ან შეურაცხყოფა აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე და ეს გამორიცხულია მომავალშიც. ვფიქრობ, ამაზე ხაზგასმით ამის თქმა უბრალოდ შეუძლებელია. მესმის, რომ ძალიან უნდათ ჩვენს ოპონენტებს, რადიკალურ ოპოზიციას ძალიან უნდა, რომ სინამდვილეში რასაც თვითონ აკეთებენ ამ წლების განმავლობაში, თავს ესხმიან და შეურაცხყოფას აყენებენ დასავლეთის ელჩებს, სურთ, რომ ეს გადმოაბრალონ „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და მისცა ერთგვარი საგზაო რუკა იმ რეფორმებისა, რომელთა განხორციელებაც კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა საჭირო. თუმცა, პრაისის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს, რომ ქართველ ხალხს, რომელიც ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდამჭერია, ყურადღება გადაატანინონ ამ მიზნიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი