ახალი ამბები

პრაისის განცხადებაში ცენტრალური ხაზი აშშ-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა იყო — ტალიაშვილი

21 ივლისი, 2022 •
პრაისის განცხადებაში ცენტრალური ხაზი აშშ-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა იყო — ტალიაშვილი

“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის ბრიფინგს და ამბობს, რომ პრაისის განცხადების მთავარი გზავნილი იყო საქართველოს და აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობა.

ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს, 21 ივლისს პარლამენტში ისაუბრა:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ბუნდოვანება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება მხოლოდ დამაზიანებელი იყოს საქართველოს და ამერიკის მეგობრობასთან მიმართებაში.

აქედან გამომდინარე, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და კიდევ ერთხელ, ნედ პრაისის განცხადებაში მთავარი, გენერალური, ცენტრალური ხაზი არის საქართველოს და ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობა”, – თქვა ტალიაშვილმა.

რაც შეეხება პრაისის განცხადებას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა 20 ივლისს ბრიფინგი დაიწყო საქართველოსა და კელი დეგნანის თემით და განაცხადა, რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები “შეუსაბამოა იმასთან, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან”.

ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებას წინ უსწრებდა საქართველოში განვითარებული პროცესები, როდესაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კვალდაკვალ, პარტიის საპარლამენტო ლიდერებმა აქტიურად დაიწყეს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის კრიტიკა.

ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და მისცა ერთგვარი საგზაო რუკა იმ რეფორმებისა, რომელთა განხორციელებაც კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა საჭირო. თუმცა, პრაისის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს, რომ ქართველ ხალხს, რომელიც ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდამჭერია, ყურადღება გადაატანინონ ამ მიზნიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი