ახალი ამბები

თალაკვაძე და ბოჭორიშვილი ჰარცელზე კობახიძის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებენ

20 ივლისი, 2022 • 822
თალაკვაძე და ბოჭორიშვილი ჰარცელზე კობახიძის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თავს იკავებენ, შეაფასონ თავიანთი პარტიის თავმჯდომარის განცხადება კარლ ჰარცელთან დაკავშირებით.

საუბარია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

კითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა პარტიის ლიდერს და რაში გამოიხატება ჰარცელის უარყოფითი როლი, მაკა ბოჭორიშვილი და არჩილ თალაკვაძე არ პასუხობენ.

თუმცა ორივე მათგანი იმედოვენებს, რომ ჰარცელის შემცვლელთან ნაყოფიერი და პოზიტიური დინამიკის მქონე თანამშრომლობა ექნებათ.

“ზოგადად ვისურვებდი და მე მოველი, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები სხვა განზომილებაში გადავა და ბევრად უფრო პოზიტიური დინამიკით იქნება დახასიათებული. მე მოველი, რომ სექტემბრიდან ევროკავშირის ახალ ელჩთან მუშაობით ბევრად უფრო პოზიტიური დინამიკა შევქმნათ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და საქართველომ მიიღოს ის პროგრესი, რასაც ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

არჩილ თალაკვაძის თქმით კი, ახალ ელჩთან თანამშრომლობა განსაკუთრებთ მნიშვნელოვანი იქნება ევროკომიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

“ჩვენ უკვე ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ახალ ელჩთან, ვინაიდან წინ გვაქვს რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო, რაშიც უეჭველად დაგვჭირდება თანამშრომლობა ევროკავშირის ელჩთან”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროკავშირის მოქმედ ელჩ კარლ ჰარცელს თავისი ვადა ამოეწურა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მისი კრიტიკა დაიწყო.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში ოთხწლიან დიპლომატიურ მისიას ასრულებს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე კარლ ჰარცელს პაველ ჰერჩინსკი შეცვლის.

ჰერჩინსკი ამჟამად არის ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მმართველი დირექტორი თავდაცვის, უსაფრთხოების პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების საკითხებში. EEAS-მდე იყო პოლონეთის წარმომადგენელი პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC). რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. აქვს ვარშავის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. სწავლობდა პოლონეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იაპონიასა და ჩინეთში.

ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა EU-სთან ურთიერთობაში – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი