ახალი ამბები

ნიდერლანდებში ქართველი კაცი გაასამართლეს ქალისთვის ნარკოტიკების ფარულად გაკეთებისთვის

20 ივლისი, 2022 •
ნიდერლანდებში ქართველი კაცი გაასამართლეს ქალისთვის ნარკოტიკების ფარულად გაკეთებისთვის

ნიდერლანდებში 5-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს 31 წლის ქართველ კაცს, რომელსაც ბრალი ედება ქალისთვის ნარკოტიკის ფარულ ინექციაში. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდური მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცმა ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზე ქალს ნემსით ნარკოტიკი ფარულად შეუყვანა ორგანიზმში, რის შემდეგაც ქალმა თავი შეუძლოდ იგრნო, თუმცა თავად ნემსის გაკეთება არ უგრძვნია.

ნემსის გაკეთების მომენტი დაინახეს სხვებმა და ქალს შეატყობინეს ამის შესახებ. ამ დროს მას თავბრუსხვევა აღენიშნებოდა, რის გამოც ახლომდებარე სამედიცინო პუნქტს მიმართა. სხეულზე ნანემსარის აღმოჩენის შემდეგ ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა 18 ივნისს მოხდა.

კაცი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და ნემსი უპოვეს, რომელზეც მოგვიანებით კოკაინის და ჰეროინის კვალი აღმოაჩინეს. კაცმა აღიარა, რომ თან ჰქონდა ნემსი და შპრიცი, თუმცა განაცხადა, რომ სხვა ადამიანებზე არასდროს გამოუყენებია.

“მადანაშაულებენ იმაში, რაც არ გამიკეთებია”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, შპრიცი თან დაჰქონდა კბილის ტკვილის გამო.

ადგილობრივი მედიების ცნობით, მოწმეებმა დაინახეს, თუ როგორ გაუკეთა კაცმა ფესტივალის კიდევ რამდენიმე სტუმარს ნემსი, თუმცა მხოლოდ ერთი შემთხვევისთვის გაასამართლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი