ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად რჩება. ამის შესახებ მან დღეს, 20 ივლისს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მაკალისტერის თქმით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება არის ისტორიული გადაწყვეტილება და აღიარება, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია. მისი თქმით, ევროპარლამენტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მზად არის, საქართველო ევროკავშირს დაუახლოოს.
თუმცა, მაკალისტერის თქმით, საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
როგორც მაკალისტერმა თქვა, ეს პრიორიტეტები მკაფიოდ არის ასახული ევროკომისიის მოსაზრებაში და პრეზიდენტ ზურაბიშვილთანაც იმის შესახებ ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახლა მათ შესასრულებლად ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს და განსხვავებები გვერდზე გადადონ.
„სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის პოლარიზაცია და ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით თუ სურვილის არქონით იმისათვის, რომ ადამიანებმა, დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა, იმუშაონ ერთად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზნის მიღწევა ქვეყნისათვის, რა მიზანიც ქვეყანას აქვს დასახული.
ევროკავშირი ყოველთვის მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რომ რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას იმ ძირითად რეფორმებზე, დემოკრატიის განვითარებაზე და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია. ის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამ პროცესში ჩართულია და ამას ხელმძღვანელობს, ეს თავისთავად აჩვენებს იმ უდიდეს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული საბჭოსგან”, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
ევროპარლამენტარის თქმით, მათთვის დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები წარმოადგინეს როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. მისი თქმით, ეს აჩვენებს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ყველას მიერ გაზიარებული მიზანია.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ევროპის პარლამენტის პოზიციას, რომ ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც შესაბამისი რეფორმების გატარებას მოითხოვს, განსაკუთრებით კი, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, საბაზრო ეკონომიკისა და ევროკავშირის განხორციელების სფეროში. ეს პროცესი მიესადაგება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ის არ არის რამე ვაჭრობის საგანი.
საქართველოს შეფასება გაგრძელდება ამ დამსახურებების საფუძველზე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე. საქართველოს მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, იმსახურებს იმას, რომ იცხოვრონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში.
ევროკავშირი განუყოფლად არის დაკავშირებული მშვიდობასთან, სტაბილურობასთან და კეთილდღეობასთან. 2012 წელს ევროპის კავშირმა ნობელის პრიზიც კი მიიღო იმის გამო, რომ 6 ათწლეულის განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში ევროპაში. ამიტომაც სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა მაკალისტერმა.
დღეს, 20 ივლისს, საქართველოს ეწვია ევროპარლამენტართა დელეგაცია, რომელიც პრეზიდენტის გარდა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.