საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე მუშაობა საქარათველომ ახლავე უნდა დაიწყოს და ხელისუფლების წარმომადგენლები ბრიუსელში უნდა გაემგზავრონ. ამის შესახებ მან პრეზიდენტისა და ევროპარლამენტარების შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხდება.
“კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უახლოესი მომავლისთვის ის განცხადება, რომ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, თუკი ჩვენ შევასრულებთ იმ მთავარ რეკომენდაციებს, რასაც ვეძახით 12 პუნქტს, რომელზედაც მუშაობა უნდა დაიწყოს. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს, ჯერ ერთი, ბრიუსელში, სადაც კიდევ ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი და როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ზოგიერთი ნაწილი.
უნდა დაიწყოს მუშაობა პარლამენტში და ამისთვის ხელი მოვაწერე განცხადებას, რომ შედგეს საზაფხულო სესია, რამეთუ, როცა გვაქვს ექვსი თვე, სრულიად გაუგებარია და, მე მგონი, სრულიად გაუგებარი ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვის, რომ არ დავიწყოთ ახლავე მუშაობა. ხაზს გავუსვამ, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს მუშაობას პარლამენტში, სესიის სხდომებზე ან კომიტეტებში და ასევე, ხელისუფლების, უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში. ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს, იმაზე უარის თქმა და ამაზე კი – არ გამოვა ასე, თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც მოსახლეობის 85% უჭერს მხარს.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა პირველ რიგში ხელისუფლებაზეა, რადგან მთავარი ბერკეტები მათ აქვთ. თუმცა, მეორე მხრივ, ზურაბიშვილის თქმით, ამას სჭირდება “კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე ოპონირებას არ დაიწყებს”.