ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა”

22 იანვარი, 2024 • 830
“სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს სოხუმის ეროვნულ გალერეაში ხანძრის შედეგად განადგურებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.

“ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია.

მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე”, – წერს ზურაბიშვილი.

სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი გაჩნდა. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ხანძარს დაახლოებით 4 ათასი ნამუშევარი ემსხვერპლა, რომელიც ამავე შენობაში ინახებოდა.  ოფიციალური ცნობითვე, 200-მდე ნამუშევრის გადარჩენა მოხერხდა.
აფხაზეთის დე ფაქტო შსს მომხდარის ყველა შესაძლო ვერსიას, მათ შორის, ხანძრის განზრახ გაჩენას განიხილავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი