ახალი ამბები

კარლ ჰარცელის გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა

20 ივლისი, 2022 •
კარლ ჰარცელის გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში ოთხწლიან დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს კარლ ჰარცელისა და მისი მეუღლის, მეტე ჰარცელის ქართველი ხალხისადმი გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვას.

„დიდი მადლობა იმისათვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი. საქართველო საოცარი, უნიკალური ქვეყანაა. თქვენ წინაპრების მხრებზე დგახართ, იმ ბუმბერაზების, რომლებმაც იბრძოლეს ამ ქვეყნისთვის, ტრადიციებისთვის, კულტურისთვის, ენისა და მემკვიდრეობისთვის. გასულ თვეს ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია. თქვენ, რა თქმა უნდა, იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად“, — აცხადებს ჰარცელი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა,  სჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს.

„არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველოც მონაწილეობდა იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში. თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია. და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ“, — აცხადებს ჰარცელი.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე კარლ ჰარცელს პაველ ჰერჩინსკი შეცვლის.

ჰერჩინსკი ამჟამად არის ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მმართველი დირექტორი თავდაცვის, უსაფრთხოების პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების საკითხებში. EEAS-მდე იყო პოლონეთის წარმომადგენელი პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC). რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. აქვს ვარშავის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. სწავლობდა პოლონეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იაპონიასა და ჩინეთში.

კარლ ჰარცელს პაველ ჰერჩინსკი შეცვლის

მასალების გადაბეჭდვის წესი