“ადამიანების ყვირილი მესმოდა და ოთახების წმენდისას სისხლის ლაქებს ვხედავდი”, – იხსენებს 16 წლის უკრაინელი ვლადისლავ ბურიაკი, რომელიც სამი თვის განმავლობაში რუს ოკუპანტებს ჰყავდათ ტყვედ.
ვლადისლავი ტყვედ 8 აპრილს, მელიტოპოლის დატოვებისას აიყვანეს და მამამისთან მოლაპარაკებების შემდეგ გაათავისუფლეს. ვლადისლავის მამა, ოლეგი, უკრაინაში თანამდებობის პირია.
ვლადისლავი ერთ-ერთია იმ 500 სამოქალაქო პირს შორის, ვისი ტყვეობის შესახებაც უკრაინულ მხარეს აქვს ინფორმაცია. მის ისტორიას The Guardian ავრცელებს.
“მელიტოპოლი დილის 9 საათზე დავტოვეთ. 11 საათისთვის გაგვაჩერეს საგუშაგოზე, სადაც რუსმა სამხედროებმა საბუთების შემოწმება დაიწყეს. მკითხეს, ვიღებდი თუ არა საგუშაგოს და ტელეფონის გადაცემა მომთხოვეს. შემდეგ ერთ-ერთ უკრაინულ ტელეგრამ არხზე აღმოაჩინეს ვიდეო, სადაც რუსი ჯარისკაცები ჰყვებოდნენ, როგორ არ უნდოდათ ბრძოლა.
ამაზე გაბრაზდნენ, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ავტომატი მომიშვირა და მითხრა, რომ გავყოლოდი. მიმიყვანა კარავში, სადაც იმ ხალხს “ფილტრავდნენ”, ვინც მელიტოპოლს ტოვებდა. ამ დროს აღმოაჩინეს, რომ ადგილობრივი თანამდებობის პირის შვილი ვიყავი და ჩემი მძევლობა ღირებული იქნებოდა”, – იხსენებს ვლადისლავი.
ამის შემდეგ “ვასილისკას” ციხეში წაიყვანეს, სადაც 40-ზე მეტი დღე საკანში გაატარა. ტყვეობაში ყოფნის ბოლო თვეს კი სასტუმროში გადაიყვანეს.
“ისინი მაიძულებდნენ დაკითხვების და ოფიცრების ოთახების დალაგებას და ნაგვის გადაყრას. საკანი, რომელშიც მე ვიყავი, რამდენიმე მეტრით იყო დაშორებული იმ ოთახიდან, სადაც დაკითხვებს აწარმოებდნენ. მესმოდა ხალხის ყვირილი და წმენდისას სისხლის ლაქებს ვხედავდი. რადგან საკნების წმენდისას გადაადგილება შემეძლო, ხანდახან ვნახულობდი, თუ რას უკეთებდნენ ხალხს. ხანდახან, როცა დაცვა არ გვიყურებდა მცირე ხნით ლაპარაკის შესაძლებლობაც მქონდა მათთან.
[დაკითხვების ოთახში] რკინის მაგიდა და ორი სკამი იყო. ერთი იმ ადამიანისთვის იყო განკუთვნილი, ვისაც კითხავდნენ, მეორე კი ჩანაწერებს აკეთებდა. აქვე იყო სისხლის ლაქები.
დაკითხვებიც მესმოდა, სულ მცირე, სამჯერ კვირაში. წამებისას ადამიანებს უყვიროდნენ: “იარაღი გაქვთ? კიდევ ვის აქვს იარაღი”, ნაწამები ხალხი კი ძალიან ხმამაღლა ყვიროდა. ხალხს სცემდნენ და ელექტროშოკით აწამებდნენ. თუ ვინმე არ გასცემდა ინფორმაციას, მის წამებას აგრძელებდნენ, ხანდახან რამდენიმე საათითაც.
ეს ხალხი შემდეგაც მხვდებოდა, სახეზე დალურჯებები ჰქონდათ. ძალიან მეშინოდა, რომ მეც მცემდნენ, ამიტომ ვცდილობდი ემოციები დამეთრგუნა. არასდროს უთქვამთ, რატომ არ მიშვებდნენ და მივხვდი, რომ ჩემი გაცვლა უნდოდათ”, – ჰყვება ვლადისლავი.
ვლადისლავის ტყვეობის პარალელურად, მამამისი შვილის გასათავისუფლებლად რუსებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
“პირველად 9 აპრილს დამირეკეს, ვლადისლავის აყვანიდან ერთი დღის შემდეგ. მითხრეს, თქვენი შვილი გვყავს და ამ ადამიანში უნდა გავცვალოთო. ცხადი იყო, რომ ის [ვლადისლავი] ტყვედ ჰყავდათ. თუმცა ვხვდებოდი, რომ რუსებისთვის ის ღირებული იყო და, სავარაუდოდ, არაფერს დაუშავებდნენ.
არ შემეძლო მეთქვა, რომ ბავშვი იყო! დებატების ადგილი არ იყო. 4 ივლისს ცხადად მითხრეს, რომ მას [ვლადისლავს] გაათავისუფლებდნენ, თუ კონკრეტულ ადამიანს გავათავისუფლებდით. 90 დღის განმავლობაში ვლადისლავს სულ ექვსჯერ ველაპარაკე, და მაშინაც ვიცოდი, რომ რუსები გვისმენდნენ”.
The Guardian-ის ცნობით, ბურიაკების ოჯახის მონათხრობი ადასტურებს წამების შესახებ სხვა ცნობებს, მათ შორის OSCE-ს ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ აღმოაჩინეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სანდო მტკიცებულებები, რაც რუსეთის ჯარებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩაიდინეს, მათ შორის “მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებზე წამებისა და არასათანადო მოპყრობის ნიშნები”.
გარეკანის ფოტო: The Guardian